MDF - დავით ნარმანიას წარმომავლობაზე გაკეთებული აქცენტი დისკრიმინაციულია, რომელიც გააღვივებს შეუწყნარებლობას

საქართველო, თბილისი - 18:25 | 13.02.2017
ნანახია: 1198

მედიის განვითარების ფონდი (MDF) გადაცემა PS-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სიუჟეტი თბილისის მერის გეოგრაფიული წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციას ახდენდა. 

,,კვირას, 13 თებერვალს რუსთავი 2-ის გადაცემა "პოსტსკრიპტუმის” ეთერში გასული სიუჟეტი მერიის მიერ ქალაქში დამონტაჟებულ საზოგადოებრივი საპირფარეშოების გაუმართაობას ეხებოდა და ჩვენი აზრით, ქალაქ თბილისის მერის დავით ნარმანიას გეოგრაფიული წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციას ახდენდა. 

სიუჟეტის დასასრულს გადაცემის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ დასკვნის სახით შემდეგი განცხადება გააკეთა: 

„ალბათ, დავით ნარმანიას დაავიწყდა, რომ ის დედაქალაქის მერად აირჩიეს და ისევ სადმე სოფელში ჰგონია თავი, სადაც ტუალეტებს დიდი ორმოების თავზე აშენებენ კანალიზაციის გარეშე". 

ვთვლით, რომ წამყვანის მიერ დავით ნარმანიას წარმომავლობაზე გაკეთებული აქცენტი დისკრიმინაციულია. მსგავსი პარალელის გავლება ქალაქის მერის წარმომავლობასა და არსებულ პრობლემას შორის წინააღმდეგობაშია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31 მუხლთან, რომლის მიხედვითაც, მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს შეუწყნარებლობას „გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე", - ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე