მსჯავრდებულების გარკვეულ ნაწილს უმაღლესი განათლების მიღების უფლება ექნება

საქართველო, თბილისი - 16:07 | 12.02.2017
ნანახია: 1190

დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის ან გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლება ექნებათ. „პატიმრობის კოდექსის“ არსებული რედაქციით, ბრალდებულს, მსჯავრდებულს უფლება აქვს მხოლოდ ზოგადი და პროფესიული განათლება მიიღოს.

„პატიმრობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულს, რომელიც უმაღლესი განათლების მიღების უფლებით სარგებლობს, სწავლის უფლება უჩერდება დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში ან დისციპლინური პატიმრობის მოქმედების დროს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაში ათამდე მსჯავრდებული იხდის სასჯელს, რომელსაც ერთიანი ეროვნული გამოცდები აქვს ჩაბარებული და ჩარიცხულნი არიან შესაბამის უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა არსებული აკრძალვის გათვალისწინებით, სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებენ.

„პატიმრობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს განსახილველად მთავრობამ წარუდგინა. პროექტის ავტორი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე