შს სამინისტრო სკოლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას აგრძელებს

საქართველო, თბილისი - 10:46 | 12.02.2017
ნანახია: 1108

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის – “შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის” ფარგლებში, საჯარო სკოლებში საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ჩაატარეს.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის წესები გააცნეს და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის თემაზე ესაუბრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პატრულ-ინსპექტორებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. ინტერაქტიულ-შემეცნებითი გაკვეთილის დასასრულს შსს-ს წარმომადგენლებმა მოსწავლეეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე გაკვეთილი აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაშიც ჩატარდა. უფროსკლასელებსა და სტუდენტებს პატრულ-ინსპექტორი მოძრაობის უსაფრთხოების წესებსა და ქვეითთა უფლებებზე ესაუბრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე