გიორგი გიუნაშვილს ცხინვალის სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა შეუფარდა

საქართველო, თბილისი - 14:32 | 05.02.2017
ნანახია: 1635

ცხინვალში დაკავებულ გიორგი გიუნაშვილს დე ფაქტო სასამართლომ 20 წლით პატიმრობა შეუფარდა.

სოფელ დისევის მკვიდრი, 1978 წელს დაბადებული გიორგი ლევანის ძე გიუნაშვილი საოკუპაციო ძალებმა 2016 წლის 8 ივნისს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. მარიონეტული რეჟიმის მტკიცებით, ის დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებული 2004 წლიდან „იღებდა აქტიურ მონაწილეობას ქართული სპეცსამსახურების კონტროლირებად უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში - ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის ე.წ. „თავდაცვის ჯგუფში“.
მარიონეტული რეჟიმის ცნობით, დაკავებული გიუნაშვილი 2007 წელს ხელყუმბარის აფეთქებაშია ეჭვმიტანილი. ასევე, 2008 წლის 11 აგვისტოს, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა ოსური მხარის სამხედროები, რომლებიც სოფლის მიმდებარედ პატრულირებას ახორციელებდნენ, რასაც ერთი სამხედრო ემსხვერპლა, კიდევ ერთი მძიმედ დაშავდა.
დაკავებულის ძმის, რეზო გიუნაშვილის განცხადებით, მისი ძმა სრულიად უდანაშაულოდ არის დაკავებული. ,,ვთხოვთ, საქართველოს ხელისუფლებას, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ შესაბამისი ზომები და მოხდეს უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლება“, - აცხადებს რევაზ გიუნაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე