ე.წ.კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულებმა ფირცხალავამ და ცააძემ შიმშილობა დაიწყეს

საქართველო, თბილისი - 14:37 | 23.01.2017
ნანახია: 1437

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულებმა ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ შიმშილობა დაიწყეს. 

როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს დაკავებულების ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ითხოვენ იმ დოკუმენტის გასაჯაროებას, რომლის მიხედვითაც, ადვოკატის თქმით, დასტურდება რომ შვიდი სპეცრაზმელი, რომელთაც ჩვენება პირველი ინსტანციის სასამართლოში მისცეს, ერთ საკანში იმყოფებოდნენ და ჩვენებები ველიჯანაშვილის თქმით, მათ ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ფირცხალავა და ცააძე აღნიშნული ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. 

„შვიდი  მოწმე სპეცრაზმელი, რომელთაც ჩვენება პირველი ინსტანციის სასამართლოში მისცეს, როგორც აღმოჩნდა, ერთ საკანში იმყოფებოდა, მათზე განხორციელდა ზეწოლა, ასწავლეს ჩვენებები, ამეცადინეს. მათი ერთ საკანში ყოფნა დანაშაულია.

მსჯავრდებულები ითხოვენ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყოს, ასევე, ეს დოკუმენტი გასაჯაროვდეს. დოკუმენტი ამ საქმეს მთლიანად დაანგრევს“,- განაცხადა ველიჯანაშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში ამ დროისთვის  შუამდგომლობების ეტაპია და სწორედ შუამდგომლობის დაყენებას აპირებს ადვოკატი, რათა შვიდი სპეცრაზმელის ჩვენება დაუშვებლად იქნეს ცნობილი. 

2015 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებულებს ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძეს, კახაბერ ნაკანსა და ლევან ბეროძეს გამამატყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

ცააძესა და ფირცხალავას განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ამ ეტაპზე საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე