იმედი გვაქვს, რომ გამოძიება იქნება ეფექტური - ეკა მიშველაძე პრეზიდენტის სიძის დაჭრის ფაქტზე

საქართველო, თბილისი - 11:26 | 12.01.2017
ნანახია: 1322

პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტს ეხმაურება და იმედოვნებს, რომ გამოძიება იქნება ეფექტური.

მისი ნფორმაციით, პრეზიდენტის სიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის ნორმალურია და ამ ეტაპზე მეტი არაფრის თქმა არ შეუძლია.

”რა თქმა უნდა, ვერანაირ ვარაუდზე და ვერსიებზე ვერ ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია განვაცხადოთ არის ის, რომ ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება , ველოდებით მის დასრულებას და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი იქნება ეფექტური”, - განაცხადა მიშველაძემ.

თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, წუხელ პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს. იგი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. დაჭრილია მისი თანმხლები მეგობარიც.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 
დაჭრილი პირები რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში წუხელვე გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით მათი მდგომარეობა სტაბილურია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე