”ცენტრ პოინტის” საქმის სასამართლო განხილვა, შესაძლოა, საავადმყოფოში გაგრძელდეს

საქართველო, თბილისი - 14:03 | 05.01.2017
ნანახია: 1302

”ცენტრ პოინტის” საქმის ე.წ. “ბათუმის მაგნოლიას” ეპიზოდზე დღევანდელი სასამართლო განხილვა შესაძლოა, საავადმყოფოში გაგრძელდეს.  
აღნიშნული შუამდგომლობა პროკურორებმა მოსამართლის წინაშე დააყენეს. საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ განმარტა, რომ ბრალდებულმა მაია რჩეულიშვილმა სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესებში, ბრალდების მხარემ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, რომ გაერკვია, რამდენად შესაძლებელია პროცესების სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარება. 
”დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენ წარვადგენთ ცნობას თოდუას კლინიკიდან და ვშუამდგომლობთ, რომ მოხდეს სასამართლო პროცესის გაგრძელება სამედიცინო დაწესებულებაში, ვინაიდან იქ შესაძლებელია ყველა იმ პროცესუალური ნორმის დაცვა, რაც შეეფერება სასამართლო პროცესების ჩატარებას”, - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, რჩეულიშვილის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ განაცხადა, რომ ის სასამართლოს წარუდგენს დოკუმენტაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ ბრალდებულის სტაციონარიდან გამოყვანა მიზანშეწონილი არაა და მიმდინარეობს მისი ოპერაციისთვის მომზადება. 
"მე ვფიქრობ, პროკურორები აღარ დააყენებენ პროცესის საავადმყოფოში ჩატარების შუამდგომლობას, რადგან თვითონ იყვნენ მაია რჩეულიშვილთან და ნახეს, რა ვითარებაა, როგორ პალატაში წევს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ასეთი შუამდგომლობის დაყენება აღარ მოხდება", - განაცხადა ცუცქირიძემ. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე