თბილისში „მის ჩინეთი“-ს ნახევარფინალი გაიმართა

საქართველო, თბილისი - 15:08 | 22.09.2015
ნანახია: 2063

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ასევე „ჰუალინგ ჯგუფის“ თანასპონსორობით, საქართველოში „მის ჩინეთი“-ს ნახევარფინალი გაიმართა.     ცერემონია რესტორან ,,ქართულ სახლში“ ჩატარდა, ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი დაესწრო.

სცენარის მიხედვით, კომპეტენტურმა ჟიურიმ გადაწვეტილება ჩინეთში მიიღო და თბილისში ჩატარებულ ნახევარფინალის ღონისძიებაზე გაახმოვანა, კონკურსის შემდეგ ეტაპზე 12 მონაწილე გავიდა. ჟიურის გადაწყვეტილების შესახებ კონკურსანტებმა ორიგინალური ხერხით შეიტყვეს - ქართულ სუფრასთან მსხდომ გოგონებს თავდახურული ჭურჭლები დაურიგეს, 12 იღბლიან მონაწილეს ქართული ტკბილეული - ფელამუში შეხვდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი ნახევარფინალში მოხვდნენ. 4 აუთსაიდერი კი იმით გამოვლინდა, რომ მათ ჭურჭელში ფელამუშის მაგივრად სამკაული იყო მოთავსებული.

კონკურსის ფარგლებში, ჩინეთის ერთ-ერთი რეიტინგული სატელიტური ტელეარხი „Phoenix TV“-ის გადამღები ჯგუფი საქართველოს ვიდეორგოლის გადასაღებად ეწვია. ზემოხსენებულ მედიასაშუალებას აქვს 6 არხი, მაუწყებლობს ევროპის ქვეყნებშიც და მსოფლიოს მასშტაბით 250 მილიონი მაყურებელი ჰყავს.

„Phoenix TV”-ის მიერ დაარსებული სილამაზის კონკურსი “Miss Chinese Cosmos Pageant”, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ერთ-ერთ პოპულარულ ღონისძიებად არის დასახელებული. ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს კონკურსი სხვადასხვა ქვეყანაში იმართებოდა (ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ევროპა და ტაიტის კუნძულები).

12-22 სექტემბერს გადამღები ჯგუფი და კონკურსის 16 მონაწილე საქართველოს ეწვია, მათ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გადაიღეს ვიდეორგოლისთვის საჭირო მასალა, რომელსაც მაყურებელი 17 ოქტომბერს „მის ჩინეთის“ მსვლელობისას იხილავს.

ორგანიზატორებს სურვილი აქვთ, წარმოაჩინონ საქართველოს ავთენტური და სრულიად უნიკალური კულტურა, მათ შორის - ეროვნული ფოლკლორი, თექაზე მუშაობა, ღვინის მომზადების ტექნოლოგია.

კონკურსანტებს ქართული ცეკვის დადგმაში დახმარება გაუწია „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ანსამბლმა“, კონკურსის მონაწილეებთან ერთად ანსამბლის წევრებმა რამდენიმე ქართული ხალხური ცეკვა შეასრულეს.

თექის დამზადების ტექნოლოგიას კონკურსის მონაწილეები გაეცნენ ქ. სიღნაღში არსებულ „ნუკრიანის საამქროში“. კონკურსანტებმა თანამშრომლებთან ერთად ამოქარგეს კონკურსის ლოგო.

ქ. ყვარელში ტურისტულ კომპლექს „მეღვინეობა ხარებაში“ კონკურსანტებმა თავად დაკრიფეს ყურძენი და ღვინო დაწურეს. ასევე ამოავლეს ჩურჩხელა, ქართული ფოლკლორული მუსიკის თანხლებით.

კონკურსის მონაწილეები ასევე ეწვივნენ ქ. ბათუმს, სადაც მათ აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ცნობილმა დიზაინერმა აკა ნანიტაშვილმა “Miss Chinese Cosmos Pageant”-ის თექვსმეტივე მონაწილეს უსასყიდლოდ გადასცა კაბები, რომლითაც კონკურსანტები ნახევარფინალის მსვლელობისას წარდგებიან.

ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს, შესაბამისად, ამ ღონისძიების სათანადო დონეზე განხორციელება უზრუნველყოფს ჩინეთის ბაზარზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას და ხელს შეუწყობს ჩინეთიდან ვიზიტორების მატებას.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე