დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მარნეულში ბიზნესმენის დაყაჩაღებას გეგმავდნენ

საქართველო, თბილისი - 12:19 | 23.12.2016
ნანახია: 1325

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს და რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი - 1983 წელს დაბადებული ვ.კ., 1982 წელს დაბადებული ჯ.ბ. და 1972 წელს დაბადებული გ.მ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენების შედეგად გაირკვა, რომ ბრალდებულები მარნეულში მცხოვრები ბიზნესმენის დაყაჩაღებას გეგმავდნენ, რაც პოლიციის ოპერატიული ჩარევის შედეგად ვერ განახორციელეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მარნეულში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი „მერსედესის“ მარკის ტაქსით გადაადგილდებოდნენ. პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 30 საბრძოლო ვაზნით, გადაჭრილი შაშხანა და გადაჭრილი თოფი, ხოლო აღნიშნული ავტომობილის ჩხრეკისას - ნიღბები, ხელთათმანები და წებოვანი ლენტი.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის არაერთგზის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე