საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 14:46 | 22.10.2015
ნანახია: 1643

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, აგრეთვე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.

სხდომა ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ-გოჩა ბაბუნაშვილმა გახსნა.

კომისიის წევრებმა თბილისის მერიის ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებს მოუსმინეს, რომლებმაც თბილისში საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების მოვლა-შენახვის ექსპლოატაციის, აგრეთვე ზოგიერთ რაიონში სხვადასხვა კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისა და შესაბამისი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების საჭიროებებზე დეტალურად ისაუბრეს.

გაერთიანებული კომისიების სხდომას მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, რომლებმაც დეპუტატებს განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტები, ასევე აღნიშნული გეგმების კორექტირებული ვარიანტები და დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს. დეპუტატებმა ყველა საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

დღესვე კომისიების წევრებმა, სამგორის რაიონის მოსახლეობის წერილი განიხილეს, რომელიც დეპუტატებს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, შორენა ბუხრაშვილმა გააცნო.

მისი განცხადებით, სამგორის რაიონის მოსახლეობამ საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიას წერილობით მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს მიმართა.

სხდომას, დეპუტატებისა და მოწვეული სტუმრების გარდა, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-ს წარმომადგენელი და სამგორის რაიონის მოსახლეობაც დაესწრო.სამგორის რაიონის მაცხოვრებელთა     თქმით,   ე.წ კაიროს დასახლებაში    ეკოლოგიურად არასახარბიელო ვითარება, საკანალიზაციო სისტემის არარსებობამ და კუსტარული საკანალიზაციო ჭებით სარგებლობამ განაპირობა. მათივე განმარტებით, რაიონში არსებული სხვა სახის პრობლემებიც, როგორსაც კეთილმოწყობასთან დაკავშირებული სირთულეები და სხვა სახის პრობლემები წარმოადგენს, პირდაპირ კავშირშია აღნიშნულთან. სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა-ლია ჯახველაძემ, ამავე რაიონის გამგებელთან-მამუკა ჩოქურთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად აღნიშნული პრობლემის განსახორციელებლად კონკრეტული გზები დასახეს და მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას შეპირდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე