დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა

საქართველო, თბილისი - 10:36 | 17.11.2016
ნანახია: 2042

დღეს, გამოჩენილი ქართველი პოეტის და საზოგადო მოღვაწის,  საქართველოს სახალხო პოეტის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის  გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა.

გალაკტიონი 2891 წლის 17 ნოემბერს, ვანთან ახლოს სოფელ ჭყვიშში დაიბადა.

პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. დედა - მაკრინე ადეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ საპაიჭოდან იყო. ძმა - აბესალომი (პროკლე) პედაგოგი იყო.

1900 წელს გალაკტიონი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ჩაირიცხა. 1908 წლიდან სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1910-1911 წლებში მასწავლებლად მუშაობდა. 1914 წელს გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებული გამოდის, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 წელს გამოცემულმა „არტისტულმა ყვავილებმა" ავტორს „გენიალური გალაკტიონისა" და „პოეტების მეფის" სახელი მოუტანეს. 1917-1918 წლებში მოსკოვსა და პეტროგრადში იმყოფებოდა. 1919 წლიდან თბილისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. 1922-1923 წლებში გამოსცემდა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს". 1924 წელს იგი ჟურნალ „მნათობის" ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. 1935 წელს პარიზში ანტიფაშისტურ კონგრესში მონაწილეობდა.

გალაკტიონ ტაბიძე და მისი დიდებული შემოქმედება მუდამ დასავლეთის ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. მისი ლექსების და პოემების თარგმანები სისტემატურად ქვეყნდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე.უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო, რამაც გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებას, რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქმნილება შესძინა.

1959 წლის 17 მარტს „პოეზიის მეფემ" სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი დაკრძალულია მთაწმინდაზე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე