შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 10:02 | 08.11.2016
ნანახია: 1295

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოსა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ნ.ს. დააკავეს.

„სამართალდამცველებმა ნ.ს. იმ დროს დააკავეს, როდესაც ოზურგეთში სამარშრუტო ტაქსით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 0,6344 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო, რომელიც 0,0537 გრ ჰეროინს შეიცავს. ასევე, ამოღებულია მეტადონის შემცველი 8 აბი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე