იუსტიციის სახლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისების საფასურის გადახდა პლასტიკური ბარათითაც გახდა შესაძლებელი

საქართველო, თბილისი - 13:37 | 03.11.2016
ნანახია: 2041

იუსტიციის სახლებში მისულ მოქალაქეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისების  საფასურის გადახდა განაცხადის მიმღებ ოპერატორთან საბანკო პლასტიკური ბარათით შეუძლიათ. სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს  იუსტიციის სახლს, საჯარო რეესტრსა და თიბისი ბანკს  შორის ხელი უკვე მოეწერა. ინიციატივის შედეგად, მომხმარებლისთვის სერვისების მიწოდება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით კიდევ უფრო გამარტივდა.

საჯარო რეესტრის სერვისების მიმართულებით მომუშავე თითოეული ოპერატორის სამუშაო მაგიდაზე  თიბისი ბანკის  პოსტერმინალია  განთავსებული, რაც მოქალაქეებისთვის მომსახურების მიღების პროცესს კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს ხდის.  140  პოსტერმინალი თბილისის იუსტიციის სახლს  თიბისი ბანკმა  გადასცა. სიახლის დანერგვისთვის საჭირო პროგრამული კომპონენტი კი საჯარო რეესტრმა უზრუნველყო.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისების მიმართულებით მომსახურების საფასურის გადახდა თბილისის, ქუთაისის და ბათუმის იუსტიციის სახლებში  ნებისმიერი ტიპის (Visa Electron/Visa, MasterCard/Maestro და China Union Pay) საბანკო პლასტიკური ბარათითაა შესაძლებელი.

მომსახურების საფასურის გადასახდელად მოქალაქეებს იუსტიციის სახლებში მდებარე ბანკის ფილიალებში მისვლა აღარ უწევთ. მათ შეუძლიათ, თანხა უშუალოდ ოპერატორებთან ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათით გადაიხადონ.

წლის ბოლომდე იგეგმება აღნიშნული მომსახურების ამოქმედება მთელი საქართველოს მასშტაბით - ყველა იუსტიციის სახლში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე