მთავრობის ახალ შემადგენლობაზე შეთანხმება მიღწეული არ არის

საქართველო, თბილისი - 17:36 | 31.10.2016
ნანახია: 1442

„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა უკვე მოიპოვა. ახლო მომავალში კი უნდა გადაწყდეს მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობაც. ამ დროისთვის სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, რამდენიმე ვარიანტი განიხილება. ,,ჯი-ეიჩ-ენის“ წყაროს ინფორმაციით, მმართველ გუნდში მთავრობის შემადგენლობაზე კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

მისი თქმით, საუბარია ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დიმიტრი ქუმსიშვილის კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით, ნოდარ ხადურის შემცვლელს კი სავარაუდოდ, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია შეცვლის.

დიდი ალბათობით, თანამდებობას შეინარჩუნებს ყოფილი ,,რესპუბლიკელი“ გიგლა აგულაშვილი. საკუთარ თანამდებობაზე დარჩება ასევე, კახი კალაძეც.

რაც შეეხება ძალოვან უწყებებს, ,,ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, აქტიურად განიხილება შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის შემცვლელის საკითხი და ერთ-ერთი ვარიანტი ლევან იზორიას შშს უწყებაში გადანაცვლებაა. თუმცა, ამ ეტაპზე საკითხის გადაწყვეტას, თავდაცვის მინისტრის პოსტზე კობა კობალაძის კანდიდატურის ირგვლივ არსებული განსხვავებული მოსაზრებები აფერხებს.

წყაროს ინფორმაციით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ტანამდებობას შეინარჩუნებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიხეილ ჯანელიძის შემცვლელად, თამარ ჩუგოშვილის კანდიდატურა განიხილება.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას სამინისტროების შერწყმის თაობაზე, ,,ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, ეს შეეხება სახელმწიფო მინისტრების პოსტებს და სავარაუდოა ასევე, სასჯელაღსრულების სამინისტოს დაქვემდებარება შს სამინისტრისთვის.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობაში და, მათ შორის ეკონომიკურ გუნდში ცვლილებები მოსალოდნელია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე