არასამთავროები შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავენ

საქართველო, თბილისი - 09:35 | 31.10.2016
ნანახია: 1315

50 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის ხმების პარალელური დათვლის შედეგებს გამოაცხადებს დღეს სამართლიანი არჩევნები.

არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე ითხოვს ზუგდიდის ერთ-ერთი უბნის შედეგების გაუქმებას, სადაც გამოვლინდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა.  

მათი ინფორმაციით, კონვერტებში ბიულეტენთან ერთად, ამომრჩევლის ბარათებიც იყო ჩადებული და მათ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ჰქონდათ ხმა მიცემული. 

მარკირება გავლილი ადამიანების არჩევნებში მონაწილების მცდელობის 70-მდე ფაქტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ორგანიზაციას 55 საჩივარი და 59 შენიშვნა აქვს დაწერილი.

„იყო უფრო მძიმე დარღვევებიც, როგორიც არის მაგალითად, ამომრჩევლისათვის არასათანადო გარემოს შემქნა, მათი უფლებამოსილების შეზღუდვა. ოქმების გაანალიზების საფუძველზე, ჩვენ გამოვკვეთთ ხარვეზებს, პრობლემებს და განსაკუთრებული პრობლემების შემთხვევაში, გავაგრძელებთ დავას სასამართლოში,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

საარჩევნო კომისიების წევრთა არაკვალიფიციურობაზე ამახვილებს ყურადღებას ადამიანის უფლებათა ცენტრი. არასამთავრობოების შეფასებით, ამ დარღვევების მიუხედავად, მეორე ტურმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. დღეს ისინი შემაჯამებელ ბრიფინგებს გამართავენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე