როცა ნაგავს ,,ბარაქა" არ მოაქვს - ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ 400 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიწერა

საქართველო, თბილისი - 12:21 | 21.10.2015
ნანახია: 2641

საბედნიეროდ, მე არა ვარ ერთადერთი და ჩემს სამეგობროში, სამეზობლოში, ნაცნობთა წრეში არსებობენ ადამიანები, ვისაც საღეჭი რეზინის, კანფეტის ქაღალდისა თუ ავტობუსის ბილეთის ნაგვის ურნამდე მიტანა არ ეზარება ან შეუძლია, საკუთარი საყოფაცხოვრებო ნარჩენი ჯიბეში თუ ჩანთაში შეინახოს და სახლში მიიტანოს, ოღონდ კი ქუჩაში დაყრას მოერიდოს.

სამწუხაროდ, გარშემო ბევრია ისეთი, ვინც ქუჩაში ნაგვის დაყრას არ ერიდება, ზოგი სიგარეტის ნამწვს, კოლოფს, ბოთლს, საკვების ნარჩენებს მოძრავი მანქანიდან ყრის. 
ბოლო დროს ხშირად მხვდებიან მძღოლები, რომლებიც ავტომანქანის სალონიდან ენერგეტიკული სასმელის ქილებს ქუჩაში ისე უცერემონიოდ მოისვრიან, არც მოიხედავენ, ხომ არ მოხვდა ვინმეს, იმაზე თუ არაფერს ვიტყვით, რომ ამ საქციელით პირდაპირ არღვევენ კანონს ,,ნარჩენების მართვის შესახებ.“ 
კანონი 2015 წლიდან შევიდა ძალაში და მსგავსი სახის დარღვევებზე სერიოზულ ჯარიმებს ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ყოველდღიურად თითოეული ჩვენგანი ხვდება.
ხშირია ისეთი სურათიც, როცა თითქმის ცარიელი სანაგვე ურნის მახლობლად ნაირგვარი საყოფაცხოვრებო ნაგავი ყრია.
მსგავსი სახის დარღვევებზე რეაგირება ,,თბილსერვის ჯგუფის ზედამხედველობის ინსპექციას“ ევალება და სწორედ იმ მიზნით, რომ გაგვეგო, თუ როგორ ხდება დღის განმავლობაში კონტროლი, გადავწყვიტეთ, ამ უწყების თანამშრომლებთან ერთად ქალაქში გავსულიყავით და მათი მუშაობის სპეციფიკა საკუთარი თვალით გვენახა.
ზედამხედველობის და კონტროლის დარგში ,,თბილსერვის ჯგუფის“დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე შეხვედრისთანავე გვეუბნება, რომ დილიდან უკვე რამდენიმე სერიოზული დარღვევაა აღმოჩენილი და გვირჩევს, ერთ-ერთი ფაქტის სანახავად, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოწყობილ უკანონო ნაგავსაყრელზე წავიდეთ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი ავტოსერვისია გამართული და მის უკან, გზიდან მოშორებით ავტომანქანების საბურავები, დაშლილი ნაწილები, სავარძლებიდან ამოღებული ღრუბლები და სხვა ნარჩენები არც თუ ისე მცირე ფართობზე უწესრიგოდ ყრია.
ავტოსერვისის მეპატრონეს ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორების ნახვა არ სიამოვნებს, ეტყობა, რომ ჯარიმის ოდენობითაც უკმაყოფილოა, მაგრამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას არ ცდილობს.

კანონის მიხედვით, პირველად დარღვევაზე 1500 ლარი უნდა გადაიხადოს, ამასთან, მითითებულ ვადებში ტერიტორია საკუთარი ძალებით უნდა დაასუფთავოს.
- 10 ნოემბრამდე გაძლევთ ვადას. 10-ში მოვალთ და შევამოწმებთ, თუ ეს ნარჩენები გატანილი არ იქნება, მოგვიწევს, განმეორებითი ჯარიმა გამოგიწეროთ. დამიჯერეთ, ამის არავითარი სურვილი არა გვაქვს. ასეთი ნაგავსაყრელის თვითნებური მოწყობა არის კანონდარღვევა და ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. თუ დათქმული დროისთვის ტერიტორიას საკუთარი ძალებით დაასუფთავებთ, თქვენი საწინააღმდეგო არაფერი გვექნება, - უხსნის მეპატრონეს ლევან გოგოძე.

ისიც თავს უქნევს და პირობას აძლევს, რომ სამი კვირის განმავლობაში აღნიშნული ადგილიდან თვეობით დაგროვილ ნაგავს თავადვე გაიტანს და დაკისრებულ ჯარიმასაც გადაიხდის.
ვიდრე ტერიტორიას დავტოვებთ, იქვე, რამდენიმე ადგილას რკინის ცარიელ ურნებს ვნახულობთ, რომლის სიახლოვესაც ავტომანქანების ნაწილებია მიყრილი.
- თუ აქამდე მოიტანენ, შიგნით რატომღა არ ყრიან? - გვიკვირს ყველას.

ინსპექტორებს ვეკითხები, ავტომანქანებიდან ნაგვის გადმოყრის შემთხვევაში როგორ ხდება რეაგირება.
როგორც ირკვევა, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს რეაგირების საშუალება მხოლოდ გაჩერებული მანქანიდან ნარჩენების გადმოყრის შემთხვევაში აქვთ, ხოლო მოძრავი ავტოსანტრანსპორტო საშუალებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენის, იგივე სიგარეტის ნამწვის, საკვები პროდუქტების ან ბოთლების გადმოყრის შემთხვევაში დამრღვევი პირის დასჯა საპატრულო პოლიციის პრეროგატივაა.
- მოგეხსენებათ, ისინი სპეციალური აპარატურით არიან აღჭურვილები, რომლის მეშვეობითაც ვიდეოზე აღიბეჭდება ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ნარჩენების გადმოყრის ფაქტები. პატრულს შეუძლია დამრღვევ მძღოლს გაეკიდოს, გააჩეროს და შესაბამისი ჯარიმა დაკისროს. ,,თბილსერვის ჯგუფზედამხედველობის სამსახურს, ამ ეტაპზე, ავტომანქანის გაჩერების და დოკუმენტაციის მოთხოვნის უფლება არა აქვს. შესაბამისად, მოძრავ ავტომანქანას გაჩერებისკენ ვერ მივუთითებთ, ვინაიდან, თუ არ დაგვემორჩილა, მისი საწინააღმდეგო არავითარი ბერკეტი არ გაგვაჩნია. - გვიხსნის ლევან გოგოძე.
რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეს, რომელიც გარემოს დააბინძურებს, მისი დაჯარიმება უკვე მათ უფლება-მოვალეობაში შედის.
ისევ უკანონო ნაგავსაყრელების თემას ვუბრუნდებით. როგორც ლევან გოგოძე ამბობს, თბილისის სხვადსხვა მუნიციპალიტეტში ათეულობით ასეთი ტერიტორიაა აღმოჩენილი და ,,ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად“ ასობით ფიზიკური თუ იურიდიული პირი არის დაჯარიმებული. 
როგორც ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები გვიყვებიან, კანონის დამრღვევების მხრიდან ხშირია შემთხვევები, როცა ისინი პასუხისმგებლობისთის თავის არიდებას ცდილობენ და ჯარიმის გადახდაზეც უარს ამბობენ, მაგრამ სამართალდარღვევის ადმინსტრაციული ოქმი ვიდეო და ფოტომასალით არის გამყარებული, სადაც ფაქტი თვალსაჩინოდ არის მოცემული.

მიუხედავად ამისა, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სასამართლოს მიმართოს და კანონიერი გზით იდავოს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.
როგორც გვითხრეს, სასამართლო დავებს ძირითადად ,,თბილსერვის ჯგუფი“ იგებს, თუ მხედველობაში იშვიათ გამონაკლისებს არ მივიღებთ და ეს გამონაკლისებიც, როცა პროცესს მოსარჩელე მხარე იგებს, სრულიად დამოკიდებულია კონკრეტული მოსამართლის პოზიციაზე.
რაც შეეხება, ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილ თანხას, ლევან გოგოძის თქმით, დღეისთვის ასობით ფიზიკური და იურიდიული პირის დაჯარიმების შედეგად გამოწერილი თანხა 400 ათას ლარზე მეტს შეადგენს. თუმცა, ეს ფინანსური რესურსი ბიუჯეტში ჯერ სრულად არ არის ასახული, ვინაიდან, რამდენიმე საქმე ჯერ კიდევ სასამართლო დავის პროცესშია. 
- არის ადგილები სადაც დანაგვიანების მხრივ განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობა იყო და ახალი რეგულაციების შემდეგ აღმოიფხვრა? - ვეკითხებით ზედამხედველობის ინსპექციის თანამშრომლებს.
- კი, იყო მსგავსი ადგილები ზოგიერთ უბანზე, ქუჩაში, პარკებშიც, მაგრამ ჩვენი მითითებების, გაფრთხილების თუ ჯარიმების შემდეგ, აღმოიფხვრა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საცხოვრებელი კორპუსებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების პარკებით გადმოყრის ფაქტები თითქმის აღარ გვხვდება, რაშიც ჩვენი მოქალაქეები დაგვეხმარნენ
მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ოქმედებს. მოსახლეობა გვირეკავს, გვიკავშირდება და გვატყობინებს, თუ სადმე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩვენც მივდივართ ადგილზე და ვაჯარიმებთ დამრღვევ პირს.
ასეთი ქმედებების შედეგად, მსგავსი შეტყობინებები ცხელ ხაზზე უფრო და უფრო იშვიათად შემოგვდის. - ამბობენ ისინი.
საუბარ-საუბარში ბელიაშვილის ქუჩაზე, ხევში, ეგრეთწოდებული გლდანის ხიდების ტერიტორიაზე შევდივართ, სადაც თვალუწვდენელ ტერიტორიაზე წლობით დაგროვილი, სხვადასხვა სახის ნარჩენების გორები დგას. 
გვიხსნიან, რომ ეს უზარმაზარი ფართობიც ფიზიკურ პირს ეკუთვნის, რომელმაც დიდი ხნის წინ აქ თვითნებურად მოაწყო ნაგავსაყრელი და ცალკეული კომპანიის თუ კერძო პირის კუთვნილი თითო თვითმცლელი მანქანიდან გარკვეულ საზღაურს იღებს.
ინსპექციის მხრიდან დჯარიმების და მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, ადგილის მეპატრონე ამბობს, რომ მიწა მისია და როგორც სურს, ისე გამოიყენებს მას.
- სამწუხაროდ, ასეთი ტერიტორია თბილისის ათივე მუნიციპალიტეტში გვაქვს. ეს ისეთი მასშტაბური პრობლემაა, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო და რომლის აღმოსაფხვრელად დღეს რაიმე ქმედითი ღონისძიების გატარება ძალიან რთულია.
ერთადერთი, რასაც ვახერხებთ, ისაა, რომ მაქსიმალურად ვაკონტროლებ, სამშენებლო თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენები ამ ადგილებზე კიდევ არ შეიტანონ.
ამიტომ, ასეთ ტერიტორიებზე მუდმივად ვმორიგეობთ
ლევან გოგოძისგან ვიგებთ, ასევე, რომ ,,თბილსრვის ჯგუფის“ მიერ წაყენებულ კანონიერ მოთხოვნებს ზოგიერთი იურიდული თუ ფიზიკური პირი ბიზნესზე ხელისშეშლად მიიჩნევს და ამ სამსახურს ლამის ქვეყნის მტრად აცხადებს.
იმის დასტურად, რომ ,,თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა მიზანი არავისთვის ხელის შეშლა და ჩასაფრება არ არის, ინსპექციის თანამშრომლებს დედაქალაქის კიდევ ერთ უბანში მივყვებით, სადაც ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანია ასევე მსხვილ პროექტებს ახორციელებს.
გზადაგზა გვიყვებიან, რომ ამ ობიექტებს თითქმის ყოველდღე ამოწმებენ, მშენებლობების ხელმძღვანლებსაც ყოველდღე აფრთხილებენ, რომ ნარჩენები სპეციალურად მოწყბილ ნაგავსაყრელზე წაიღონ, მაგრამ აღნიშნულ ტერიტორიებზე მუდმივად ახალ-ახალი სამშენებლო თუ მუნიციპალური ნარჩენები ხვდებათ.
მათი სიტყვების დამადასტურებელი ფაქტი მალევე გამოჩნდა, როგორც კი კომპანიის სამოქმედო არეალში შევედით.
შერეული სახის ნარჩენები პირდაპირ ღია ტერიტორიაზე, ორ ადგილას ეყარა. 
უფრო მეტიც, იქვე მიწაში დამარხული ძველი ნარჩენების კვალიც ჩანდა.
როგორც ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა აგვიხსნეს, კომპანიას მთლიანი ტერიტორია ნაყიდი აქვს და რაღაც ფართობზე გრუნტს ჭრიან, შიგ სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენებს ყრიან და ზემოდან მიწას აყრიან. ასე ფარავენ თავიანთ დანაშაულს, იმის ნაცვლად, რომ კანონს დაემორჩილონ და ნარჩენები მითითებულ ტერიტორიაზე გადაიტანონ.
რა თქმა უნდა, ინსპექტორები ჩემი თანდასწრებით ურეკავენ კომპანიის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, მას შექმნილ ვითარებას აცნობენ და წარმომადგენლის მოსვლას ითხოვენ.
15 წუთში წარმომადგენელი მოდის. უხსნიან, რომ მათი ქმედება განმეორებით სანქციებს ითვალისწინებს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს აწვდიან, რომლის ჩაბარებაზეც ის უარს ამბობს, თუმცა პირობას დებს, რომ უახლოეს დღეებში ტერიტორიას საკუთარი ძალებით დაასუფთავებს.
იქიდან წამოსულები რამდენიმე უბანს ვამოწმებთ. თუ სიგარეტის ნამწვავებს და ტროტუარზე მოგორავე ლუდის ან ენერგეტიკული სასმელის თუნუქის ქილებს არ ჩავთვლით, მნიშვნელოვანი დაბინძურებაც არსად გვხვდება. ნაგვის ურნები უმეტესად ყველგან დაცლილია.
ნაგვის ურნებს რაც შეეხება, მათ არასაკამარის რაოდენობაზე რამდენიმე თვის წინთბილისის მერიაც საუბრობდა. 
გვაინტერესებს, ამჟამად რა მდგომარეობაა.
კითხვაზე ტექნიკურ დარგში ,,თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე დავით დოლიძე გვპასუხობს და ამბობს, რომ ამ მხრივ ვითარება გამოსწორებულია. დედაქალაქის მასშტაბით უკვე 8 500 ურნაა დამატებული და ვინაიდან სხვადასხვა მიზეზით ურნები ხშირად ზიანდება, 20 დეკემბრამდე კიდევ 1000 ცალი უნდა მიიღონ.
როგორც ვიცით, თბილისის სხვადასხვა უბნებიდან ნაგვის გატანის გრაფიკიც საკმაოდ ყბადაღებული თემაა და საცობების წარმოქმნის გამო, ,,თბილსერვის ჯგუფის“ მუშაობა, არც თუ უსამართლოდ, მოსახლეობის გულისწყრომას იმსხურებს. დავით დოლიძის თქმით, ასეთი პრეტენზიების გამო, ბოლო 10 დღეა, ზოგიერთ უბანში გრაფიკი შეიცვალა.
ჯერ მხოლოდ დაკვირვებას აწარმოებენ და თუ იმ რამდნიმე ადგილზე ახალმა გრაფიკმა გაამართლა, მერე მთელ თბილისში იმ გრაფიკით იმუშავებენ.
- არის ორი უკიდურესობა, ურნები ძირითადად დილის საათებში ივსება, როცა მოქალაქეები სამსახურებში მიდიან. თუ გადაივსო ურნა და დროულად არ ვცალეთ, ცხელ ხაზზე გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ ნაგავი გავიტანოთ, თუ მივალთ და საცობი წარმოიქმნა, ისევ ჩვენ ვართ დამნაშავე. ამიტომ, ყველას გულს ვერ მოვიგებთ და მოსახლეობა თავად უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ,,ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებისპოზიციაში ვერ ვიქნებით. თან ადგილზე მივიდეთ და თან საცობში არ მოვხვდეთ, ძნელი იქნება.
მოგეხსენებათ, ცრურწმენების გამო, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საღამოს ნაგვის გატანას თავს არიდებს და დილით, სწორედ პიკის საათებში ივსებ ურნები.
ამიტომ, ჩვენ აქეთ გვჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა. თუ ისინი გვია ღამით ან დილით ადრე გაიტანენ სახლებიდან ნგავს, ჩვენთვისაც და მათთვისაც უფრო ხელსაყრელი იქნება. - აცხადებს ჩვენთან საუბარში დავით დოლიძე.

თბილისის მოსახლეობის მიმართ თხოვნა ლევან გოგოძესაც აქვს. ის გვთხოვს, რომ ჩვენი სააგენტოს საშუალებით მოქალაქეებს მოვუწოდოთ, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი დედაქალაქის სისუფთავეზე და სადაც მოგვეპრიანება, იქ ნუ დავყრით ნაგავს.

რაც შეეხება სამშენებლო და ინერტულ მასალებს და მუნიციპალურ ნარჩენებს, გავიტანოთ მხოლოდ ისეთ ადგილებში, სადაც შესაბამისი ნებართვაა გაცემული. 
ასეთი ნაგავსაყრელი არსებობს გლდანის მუნიციპალიტეტში, შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრზე. ასევე, თბილისის ტერიტორიაზე არის გამოყოფილი ადგილები, სადაც სუფთა მიწის დაყრა არის ნებადართული. 
ყველა ერთად კი ვთანხმდებით იმაზე, რომ სახელმწიფოს მშენებლობა სწორედ ისეთი პატარა ქმედებებითაც შეიძლება, როგორიცაა ავტობუსის ბილეთის ნაგვის ურნამდე მიტანა ან სიგარეტის ნამწვის მანქანიდან არ გადმოგდება.

ჩვენი მხრიდან კიდევ ერთ რამეს ვიტყვით, ნუ დაუჯერებთ ცრურწმენებს, მთელი დღის დაგროვილი ნაგვის ღამე სახლში შენახვით ჯერ არავინ გამდიდრებულა.

”პრაიმნიუსჯორჯია”, ირმა ბერიშვილი





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე