საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო EuroGeographics-ის შეხვედრას მასპინძლობს

საქართველო, თბილისი - 11:09 | 21.10.2015
ნანახია: 1913

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაცია EuroGeographics-ის  შეხვედრას მასპინძლობს. ღონისძიებას  ევროპული ქვეყნების კადასტრის/მიწის რეგისტრაციისა და კარტოგრაფიული ეროვნული  სააგენტოების  წარმომადგენლები ესწრებიან. 

ღონისძიების ფარგლებში რეგიონულ დონეზე, გეოგრაფიულ-სივრცითი ინფორმაციის მიმართულებით, ერთიანი ევროპული და გლობალური პოლიტიკის ჩამოყალიბების განხილვა იგეგმება. შეხვედრაზე მხარეები ახალ ინიციატივებსა და გამოწვევებზეც იმსჯელებენ.

„საჯარო რეესტრის ძალისხმევით საქართველოს გეოგრაფიული მონაცემები ევროპულ სივრცეში პირველად სწორედ EuroGeographics-თან თანამშორმლობის შედეგად გავიდა. დღეს ეს ინფორმაცია ერთადერთია, რომლითაც ევროპული ინსტიტუტები საქართველოსთან მიმართებაში ხელმძღვანელობენ. შესაბამისად, ამ ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის კუთხით“- აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

საჯარო რეესტრი EuroGeorgaphics-ის წევრი 2010 წლიდანაა. EuroGeorgaphics-ში 45 ქვეყნის 62 ორგანიზაციაა გაერთიანებული, მისი საქმიანობა კი ევროპის გეოსივრცითი მონაცემების ერთიანი ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისკენაა მიმართული.  EuroGeorgaphics-თან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გეოინფორმაციულ სფეროში ევროპული სტანდარტების დამკვიდრების, საჯარო რეესტრის საკადრო რესურსის განვითარების, უცხოელი სპეციალისტების საუკეთესო გამოცდილების, ცოდნის და გეოგრაფიულ მონაცემებთან მუშაობის პრაქტიკის გაზიარების, ასევე,  რეგიონალური და ევროპული სივრცითი მონაცემების გლობალურ სფეროში ეროვნული ინტერესების წარდგენის კუთხით.

EuroGeorgaphics-ის მონაცემებით ხელმძღვანელობს უამრავი ოფიციალური უწყება და საერთაშორისო ორგანიზაცია, მას მჭიდრო ურთიერთობა აქვს ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებთან, ევროპის გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების სააგენტოს, ევროსტატს, ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე