თავდაცვის სამინისტრომ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის სამი მემორანდუმი გააფორმა

საქართველო, თბილისი - 16:00 | 20.10.2016
ნანახია: 1804

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა და სათანადო სოციალური პირობების შექმნაა. სწორედ ამ მიზნით, დღეს, სამინისტროში თავდაცვის უწყებასა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, შპს “ვიტა პროდუქტს”, შპს „აგროკონსორციუმ წეროვანს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. დოკუმენტებს ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ, შპს “ვიტა პროდუქტის” დირექტორმა გიორგი გიორგაძემ და შპს „აგროკონსორციუმ წეროვანის“ დირექტორმა ილია პატიაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმების თანახმად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და შპს “ვიტა პროდუქტი” საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს, თბილისის და წალკის რაიონის მაშტაბით სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმებას უზრუნველყოფენ.

შპს „აგროკონსორციუმ წეროვანი“ კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის, მარო მაყაშვილის სახელობის წეროვნის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში მყოფ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, კომპანიის მიერ წარმოებულ რძის ნაწარმს ყოველი სარეაბილიტაციო კურსის დასრულების შემდეგ გადასცემს.

ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი, თავდაცვის სამინისტროს და მემორანდუმის ხელმომწერი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე