პირველად საქართველოში - ჰომოსექსუალებზე სკანდალურ ფილმს იღებენ

საქართველო, თბილისი - 12:21 | 06.10.2016
ნანახია: 2512

საქართველოში ჰომოსექსუალებზე სკანდალურ ფილმს იღებენ. როგორც ფილმის ავტორი ამბობს, ეს იქნება მისტიური ჟანრის ფილმი, სადაც მთავარ როლს გეი წყვილი შეასრულებს. მისივე თქმით, არასტანდარტულ სასიყვარულო ისტორიაში მონაწილეობას მიიღებს ჰეტერო სექსუალი ქალი,  რომელსაც სექსუალური უმცირესობის  წარმომადგენელი მამაკაცი შეუყვარდება...

,,ფილმი არის ფსიქოლოგიური დრამა. ამ ფილმით ჩვენ ქართველ საზოგადოებას ვანახებთ, რომ საქართველოში სექსუალური უმცირესობა არსებობს და ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციით და ადამიანური გრძნობებით. ფილმი არ იქნება წამახალისებელი ამ საკითხის მიმართ, თუმცა ქართველი საზოგადოება უნდა იყოს ლოიალური ამ თემის მიმართ ვინაიდან ისინიც  ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ჩვენს გარშემო ცხოვრობენ და არაფრით განსხვავდებიან ჩვენგან. ვიმედოვნებ ეს ფილმი არ გამოიწვევს საზოგადოებაში აგრესიას. ფილმში ქართველი მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა თემის ძალზედ სენსიტიურობიდან გამომდინარე ამ ეტაპზე მათი ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა „პრაიმნიუსჯორჯიასთან“ საუბრისას ფილმის ავტორმა ბექა ბალიაურმა.

ფილმის ოფიციალური მხარდამჭერი იქნება არასამთავრობო ორგანიზაცია LGBT WORLD.

„საქართველოში ამ ფილმით მოხდება ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სექსუალური უმცირესობების მიმართ, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია არ არის დაავადება, არ არის ცოდვა და მათი უფლებები უნდა იყოს დაცული.  როგორც სხვა ყველა დანარჩენის“, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას LGBT WORLD-ის დირექტორმა ავთანდილ კონცელიძემ.

ცნობისთვის, ფილმის ოფიციალური პრემიერა 2017 წლის 17 მაისს საქართველოში გაიმართება.

17 მაისი გახლავთ ჰომოფობიასთან და ტრანს ფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, ასევე საქართველოში ეს დღე გამოცხადებულია ოჯახის სიწმინდისა და ერთიანობის დღედ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე