შსს-მ ხულიგნობის ბრალდებით 11 პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 22:50 | 27.09.2016
ნანახია: 1393

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს მოძრაობა „ქართული ძალის“ აქტივისტებმა გამართეს არასანქცირებული მსვლელობა თბილისში, გმირთა მოედნიდან მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით. მსვლელობის მონაწილეები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, ისროდნენ მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში, აზიანებდნენ წარწერებსა და ბანერებს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. სამართალდამცველებმა არასანქცირებული, აგრესიული მსვლელობა დაშალეს და ხულიგნობის ბრალდებით აღმაშენებლის გამზირზე 11 პირი დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე