გია ლორთქიფანიძე მთავარ პროკურატურაში მისვლას არ აპირებს

საქართველო, თბილისი - 09:46 | 21.09.2016
ნანახია: 1593

26 მაისის აქციის საქმეზე დღეს მთავარ პროკურატურაში მისვლას არ აპირებს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე.

ოდესის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი უკრაინაში იმყოფება და აცხადებს, რომ ვერ მოახერხებს უწყებაში მითითებულ დროს გამოცხადებას.

ლორთქიფანიძემ სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელა, სადაც წერს, რომ გასაჯაროებულ ვიდეომასალასთან და 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებულ სხვა ვიდეომასალებთან, რომელიც პროკურატურაში დაკითხვის დროს უკვე ნანახი აქვს, არავითარი კავშირი არ აქვს.

„მე, როგორც ოდესის ოლქის ნაციონლური პოლიციის მთავარი სამმართველოს მოქმედი ხელმძღვანელი, ხვალ თბილისის დროით 16:00 საათზე მოხსენებით გამოვდივარ უკრაინის პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე და ფიზიკურად ვერ გამოვცხადდები საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ხოლო ჩემი დაბარების თარიღი და დრო ვერანირად ვერ ჩაითვლება გონივრულ ვადად.

"დღეს პროკურატურის მიერ ჩემი გამოძახება მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ საფუძველს და მხოლოდ და მხოლოდ უკავშირდება კარს მომდგარ - 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და ხელისუფლების მიერ პრევენციული ზომების გატარებას ჩემი საქართველოში დაბრუნების ხელშეშლისთვის.

"ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მოქმედება ნაკარნახევია ცალკეული პოლიტიკური პარტიის შიშებით და ინტერესებით,“-ნათქვამია ლორთქიფანიძის განცხადებაში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე