იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თემაზე პროკურორები და გამომძიებლები გადამზადებას გადიან

საქართველო, თბილისი - 15:00 | 08.09.2016
ნანახია: 1348

საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, იურიდიული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების თემაზე, პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის ერთობლივი ტრენინგი მიმდინარეობს. ღონისძიება  „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის" პროექტის ფარგლებში დაიგეგმა. (ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო პროგრამა (PCF)).

ტრენინგს წარუძღვებიან ევროპის საბჭოს მიერ მოწვეული ექსპერტები: ჰოლანდიელი პროკურორი ნიკოლ ვორჰუისი და ბრიტანელი ექსპერტი არვინდერ სამბეი. 2-დღიანი სწავლების ფარგლებში მონაწილეებთან განიხილება: იურიდიული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისა და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების, სასჯელის განსაზღვრისა და განაჩენის აღსრულების მექანიზმები; იურიდიული პირების მიმართ სისხლის სამართალწარმოების სფეროში საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა.

ტრენინგს, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებიან. ერთობლივი ტრენინგების მიზანია საერთო პრაქტიკის დანერგვა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართალწარმოების მექანიზმების დახვეწა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე