თბილისში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების პირველი კრიზისული ცენტრი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 15:45 | 06.09.2016
ნანახია: 2932

„ეს იყო მნიშვნელოვანი რგოლი, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ოჯახური ძალადობის მიმართულებით, სრულად გამართულიყო,“ - ეს განმარტება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების პირველი კრიზისული ცენტრის გახსნაზე გააკეთა. ცენტრი ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ მოლი ლიენთან და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ ერიკა კვაპილოვასთან ერთად გახსნა.

დავით სერგეენკომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა და ყურადღება იმ სერვისებზე გაამახვილა, რასაც კრიზისულ ცენტრში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იურიდიული სტატუსის მინიჭებამდე მიიღებს.

„ორი წლის წინ, სახელმწიფომ შეიმუშავა სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა, რომელშიც ჩართული იყო სხვადასხვა უწყება,მათ შორის ჯანდაცვის სამინისტრო და ამ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში მთელი რიგი აქტივობები განხორციელდა. დღეს ცენტრის გახსნა, სწორედ ამ გეგმის ნაწილია. ეს არ იქნება თავშესაფარი, ეს იქნება ცენტრი, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, მივიდნენ ყოველგვარი იურიდიული და მსხვერპლის  სტატუსის მინიჭების გარეშე და მიიღონ მთელი რიგი სერვისები,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გაეროს ქალთა ფონდის ხელმძღვანელმა კრიზისული ცენტრის გახსნა და ამ მიმართულებითმიღწეულიშედეგები შეაფასა.

"პროგრესი თვალსაჩინოა, საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა  კანონმდებლობასა და საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგებაში. მიღებული იქნა კანონი და სამოქმედო გეგმა. ეს მნიშვნელოვანი ილუსტრაციაა იმ პროგრესის, რაც საქართველოში ამ მიმართულებით იქნა მიღწეული,“ - განაცხადა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ერიკა კვაპილოვამ.

კრიზისული ცენტრი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვისაა განკუთვნილი. ცენტრი დამოკიდებულ პირებთან ერთად14 ბენეფიციარზეა გათვლილი და  შშმ პირებისათვის სრულადაა ადაპტირებული.

სახელმწიფო ფონდი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას, კანონიერი ინტერესების დაცვას, თავშესაფრით უზრუნველყოფას, იურიდიული, ფსიქოლოგიური,სამედიცინო მომსახურებების მიწოდებას უზრუნველყოფს და მათ საზოგადოებაში რეინტეგრაციასშეუწყობს ხელს.

თბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრის სარემონტო სამუშაოები  ფონდის საბიუჯეტო სახსრებით შესრულდა და ფართი შესაბამისი ინვენტარით გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში აღიჭურვა.

გახსნის ცერემონიას სახელმწიფო ფონდის დირექტორი თამილა ბარკალაია, შსს სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის, შვედეთის საელჩოს,  გაეროს ქალთა ფონდის და სხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე