საკრებულოში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლეს

საქართველო, თბილისი - 17:38 | 16.10.2015
ნანახია: 1718

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ქეთევან ჯოხაძისა და ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის’’ ინიციატივით დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლეს.
შეხვედრას დეპუტატებთან ერთად რაგბის ქომაგი ბავშვები ესწრებოდნენ.
ქეთევან ჯოხაძემ ქართველ სპორტსმენებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ არაერთი გამარჯვება უსურვა.
მორაგბეებს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე რიმა ბერაძე და საკრებულოს სხვა წევრები მიესალმნენ და წარმატება უსურვეს.
,,რაგბი, მოგეხსენებათ, გუნდური თამაშია. ამ ბიჭების მაგალითზე თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ ერთიანობით და თავდადებით ყველაფრის დაძლევაა შესაძლებელი’’,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
რიმა ბერაძემ საკრებულოს წევრსა და ამასთან, რაგბის კავშირის სპორტულ დირექტორს, საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს ირაკლი აბუსერიძეს, ასევე ქართველ მორაგბეებს ქართული სპორტის, კერძოდ, რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მორაგბეების მიღწევებზე, ასევე სპორტის ამ სახეობის განვითარებაში წინა თაობების დამსახურებაზე საკრებულოს დეპუტატმა, ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის’’ წევრმა, ყოფილმა მორაგბემ, რაგბის კლუბის ,,ყოჩების’’ დამფუძნებელმა ნუგზარ მალაღურაძემ ისაუბრა და წარმატებული ჩემპიონატის ჩატარებისთვის ბიჭებს მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ნუგზარ მალაღურაძე ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნა, რომ დროა რაგბმა სტადიონებიდან ეზოებსა და უბნებში გადაინაცვლოს და მასტერკლასები მათ პროფესიონალმა მორაგბეებმა ჩაუტარონ.
მისივე თქმით, აღნიშნულ ინიციატივას კლუბის ,,ყოჩები’’ წევრები უკვე გამოეხმაურნენ და მხარი დაუჭირეს.
,,ვფიქრობ, ამ კარგ საქმეში ჩვენ სხვა კლუბების წევრებიც შემოგვიერთდებიან, ხოლო ბავშვები, რომლებიც დღეს ამ შეხვედრას ესწრებიან, საკუთარ უბნებში რაგბის პოპულარიზაციის მიზნით ერთგვარი დესპანები იქნებიან’’,-განაცხადა ნუგზარ მალაღურაძემ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მერაბ შარიქაძემ გუნდის სახელით საკრებულოს დეპუტატებს მოწვევისა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი მორაგბეები გულშემატკივრებს კიდევ არაერთი გამარჯვებით გაახარებენ.
შეხვედრის დასასრულს, სპორტსმენებმა თამარ მეფის სახელობის დარბაზში ფოტოები გადაიღეს და ბავშვებს სამახსოვრო ავტოგრაფებით რაგბის ბურთები დაურიგეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე