2015 წელს, 2012 წელთან შედარებით, კერძო პრიდაპირი ინვესტიციების 100%-ით ზრდას ელოდებიან

საქართველო, თბილისი - 14:31 | 16.10.2015
ნანახია: 1659

2015 წელს, 2012 წელთან შედარებით, კერძო პრიდაპირი ინვესტიციების 100%-ით ზრდას ელოდებიან. როგორც სტამბულში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე „სტამბოლი-ბათუმი“, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ აღნიშნა 2015 წლის პირველი ექვსი თვის მდგომარეობით საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთი პირველ ადგილზეა.

"თურქეთსა და საქართველოს ტრადიციულად მეგობრული და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ. 2015 წლის პირველი ექვსი თვის მდგომარეობით საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთი პირველ ადგილზეა. თურქული ინვესტიციებით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ხორციელდება როგორც ქვეყანაში, ისე ჩვენს რეგიონში. ცენტრალური და რეგიონული მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები აჭარის რეგიონში და ამით ხელი შეუწყოს რეგიონული ეკონომიკის ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას. აჭარა არის ყველაზე ურბანული რეგიონი საქართველში, მას დასაქმებულთა რაოდენობით მეორე ადგილი უკავია ქვეყნის მასშტაბით; იზრდება რეგიონის საბიუჯეტო შემოსულობები, 2015 წლის პირველი სამი კვარტლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებმა 139 მლნ. ლარი შეადგინა, 26%-ით მეტი 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2014 წელს აჭარაში განხორციელებულმა პირდაპირმა კერძო ინვესტიციებმა 276 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 55% უცხოური ინვესტიციაა. 2015 წლის პირველი 6 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინვესტიციები 44%-ით გაიზარდა და 165 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2014 წლის მონაცემების მიხედვით, რეგიონში ყველაზე მეტი ოდენობის ინვესტიცია მოდიოდა თურქეთზე - 36%”- აღნიშნა დავით ბალაძემ.

მინისტრის ვარაუდით, 2015 წლის ბოლოს განხორციელებული კერძო პრიდაპირი ინვესტიციები 2012 წელთან შედარებით 100%-ით გაიზრდება. 2012 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 152 მლნ. აშშ დოლარს უტოლდებოდა.

“ბევრმა ცნობილმა სასტუმრომ, როგორებიცაა “შერატონი”, “რედისონი” და “ჰილტონი” საკუთარი ბრენდის პოზიციონირებისთვის სწორედ ბათუმი აირჩიეს. თურქული ინვესტიციების განხორციელების შედეგად ფუნქციონირება დაიწყო სასტუმრო “ლეოგრანდმა”, საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკამ და უნივერსიტეტმა, ციტრუსის დამფასოებელმა და გადამამუშავებელმა საწარმომ, საფეიქრო, სამშენებლო მასალების მწარმოებელმა საწარმოებმა. ბათუმს მალე შეემატება მრავალფუნქციური სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსები “მეტრო ატლას ჯორჯია”, “ბაბილონი”, “პრინსეს ჰოტელი” და “პორტა თაუერი”. თურქული ინვესტიციების განცორციელების შედეგად ვითარდება სამშენებლო სექტორი. ჩვენთვის ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების ხელშეწყობა და მათი ინტერესების დაცვა პრინციპულად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, საინვესტიციო და უძრავი ქონების შესყიდვის პირობები მათთვის ერთნაირია. ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება დიდი სტიმულია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის მოახდინონ ინვესტირება საქართველოში და ისარგებლონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით და ნახევარ მილიარდიან ბაზარზე წვდომით. აღნიშნული ფორუმი კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენი ქვეყნის მეწარმეებსა და საქმიან წრეებს შორის არსებულ ურთიერთობებს და დასაბამს მისცემს კიდევ მეტი ახალი პროექტის განხორციელებას ჩვენს რეგიონში"- განაცხადა დავით ბალაძემ სიტყვით გამოსვლისას.

2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით აჭარაში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა თურქეთი (42%), თურქული ინვესტიციები ძირითადად ტურიზმის, ენერგეტიკისა და მშენებლობის სექტორში ხორციელდება. აჭარის მთავრობის დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკას 17 ოქტომბერს დატოვებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე