საჯარო რეესტრი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახალ პროექტს იწყებს

საქართველო, თბილისი - 12:46 | 16.10.2015
ნანახია: 1730

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე  შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოს (Lantmateriet) სათაო ოფისში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანი იმ საქმიანობების განხილვაა, რომლებიც Lantmateriet-ისა და საჯარო რეესტრის ერთობლივი პროექტის მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში პირველ ეტაპზე უნდა განხორციელდეს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა  სამეთვალყურეო კომიტეტის პირველი შეხვედრაც, რომელზეც პროექტის გეგმა დამტკიცდა.

ამას გარდა, ვიზიტის პროგრამა მოიცავს გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა, მონაცემთა გაზიარება, დამისამართების მოდელები, მათი გამოყენება საჯარო სერვისებში,  მიწისა და სხვა უძრავი ქონების ადმინისტრირების სფეროში. 

"საჯარო რეესტრსა და Lantmateriet ათწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. ამ ხნის განმავლობაში შვედურმა მხარემ მნიშვნელოვან წვლილი შეიტანა ქართული სარეგისტრაციო სისტემის ჩამოყალიბების პროცესში. ამჟამად ჩვენ უკვე  განვითარების ახალ ეტაპზე ვართ. მიმდინარეობს საჯარო რეესტრის ძირითადი მიმართულებების ცენტრალიზაცია და სარეგისტრაციო სამსახურების რეგიონულ დონეზე გამსხვილება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას. შვედეთს ამ მიმართულებით კარგი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება პროცესის სწორად დაგეგმვაში. ვიზიტის ფარგლებში ახალი თანამშრომლობის ფორმატიც შემუშავდება, რომელიც იმ ძირითად პრინციპებზე იქნება აგებული, რა გამოწვევებიც დღეს საჯარო რეესტრს აქვს- აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოსა და საჯარო რეესტრის ერთობლივი პროექტი მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს SIDA-ს დაფინანსებით ხორციელდება. მისი მიზანი საჯარო რეესტრისა  და ზოგადად ქვეყნის უძრავი ქონების სექტორის განვითარების ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში სამუშაოები  სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება, მათ შორისმიწისა და უძრავი ქონების მართვასივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება, გეოდეზია, კარტოგრაფია, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება, სტატისტიკა და უძრავი ქონების მასობრივი შეფასება, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, სოფლად სამისამართო სისტემის  განხორციელება და ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნა. პროექტის ბიუჯეტი 12 000 000 ლარია და მისი დასრულება  2018 წლის ბოლოს იგეგმება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე