სავაჭრო-სამრეწველო პალატა და განათლების სამინისტრო პროფესიული განათლების რეფორმის განსახორციელებისას ითანამშრომლებენ

საქართველო, თბილისი - 17:10 | 26.08.2016
ნანახია: 1573

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი პროფესიული განათლების დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის N300 ბრძანებით დამტკიცდა  ,,პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (2013-2020 წლები)“, რომელის განხორციელების  სამოქმედო გეგმა პროფესიული განათლების სისტემის საუკეთესო საერთაშორისო სისტემის შესაბამისად მოდერნიზებას ისახავს მიზნად. მემორანდუმი მხარეებს შორის სწორედ პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში გაფორმდა.

მემორანდუმის მიხედვით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  ერთობლივად იმუშავებენ შემდეგ მიმართულებებზე:

პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება; პროფესიული განათლების სისტემაში დუალური პროფესიული განათლების მსგავსი, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და ადამიანური რესურსის მომზადება; მეწარმეობა, ინოვაცია და სტარტაფების (start-ups) განხორციელების ხელშეწყობა; პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვის სერვისის გაუმჯობესება; არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების უზრუნველყოფა; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პროფესიული განათლების შესახებ;

თანამშრომლობის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ორივე მხარე წარადგენს პასუხისმგებელ პირს, რომლებიც სამუშაო დონეზე პასუხს აგებენ პირდაპირ კომუნიკაციასა და ინფორმაციის გაცვლაზე.

დოკუმენტს ხელს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხრიდან პრეზიდენტმა - ნინო ჩიქოვანმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან კი მინისტრის პირველმა მოადგილემ- ქეთევან ნატრიაშვილმა მოაწერეს.  

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე