„რადიო იმედს“ სოციალური რეკლამის გაშვება დაევალა

საქართველო, თბილისი - 12:44 | 16.10.2015
ნანახია: 1610

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „რადიო იმედსა“ სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს“ შორის სოციალური სარეკლამო რგოლების განთავსებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავა განიხილა და შპს „რადიო იმედს“ თერთმეტი სოციალური სარეკლამო რგოლის განთავსება დაავალა.

სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ დაკვეთით შპს „ქედი სტუდიომ“ ბაგა-ბაღის აღმზრდელის, ბუღალტერის, ელექტრიკოსის, ექთნის, გიდის, ფარმაცევტის, მეფუტკრის, სარესტორნო საქმის, სასტუმროს მენეჯერის და ვებ-დიზაინერის პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობის შესახებ სოციალური სარეკლამო რგოლები დაამზადა და შპს „რადიო იმედს“ აღნიშნული სარეკლამო რგოლების განთავსება მოსთხოვა უსასყიდლოდ.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ7 ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. ამავე კანონის 65-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა.

შპს „რადიო იმედის“ აზრით, აღნიშნული სარეკლამო რგოლებით სახელმწიფოს მიერ გაწეული მომსახურების რეკლამირება მოხდებოდა, რის გამოც შპს „ქედი სტუდიოს“ უარი უთხრა სარეკლამო რგოლების განთავსებაზე.

კომისიამ საკითხის შესწავლის შემდეგ მიიჩნია, რომ პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობის თაობაზე დამზადებული რგოლები საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართულ რეკლამას წარმოადგენს და ამით არ ხდება სახელმწიფოს მიერ გაწეული მომსახურების რეკლამირება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე