აჭარას ჩინეთის სინძიანის პროვინციის დელეგაცია ეწვევა

საქართველო, თბილისი - 10:52 | 16.10.2015
ნანახია: 1612

დღეს, აჭარას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის დელეგაცია ეწვევა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სტუმრები შეხვედრებს გამართავენ ბათუმის პორტის ადმინისტრაციაში, დაათვალიერებენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და ბათუმის ბულვარს. დღის ბოლოს კი დელეგაცია ბათუმიდან ქუთაისში გაემგზავრება.

დელეგაციის შემადგენლობაში კი იქნებიან: სინძიანის პროვინციის გუბერნატორი, ქალაქ ურუმჩის მერი, ჩინეთის ელჩი საქართველოში, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და სხვა თანამდებობის პირები. დელეგაციას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი დახვდებიან.

დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საქართველოში თბილისში გამართული ფორუმის „აბრეშუმის გზა“ ფარგლებში იმყოფებიან. 14 ოქტომბერს ბათუმსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანგ უიღურეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ურუმქის შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მხარეებს შორის სხვადასხვა სფეროში კონტაქტების გაღრმავებას, მეგობრობის განმტკიცებას და თანამშრომლობას ითვალისწინებს.

მემორანდუმს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და ურუმჩის მერმა ილჰამ საბირმა მოაწერეს ხელი. ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სინძიანის რეგიონის ხელმძღვანელი ქსეკერატ ზაკირი დაესწრნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე