პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს ანგელოზის დღეს ულოცავს

საქართველო, თბილისი - 13:00 | 02.08.2016
ნანახია: 1296

"გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღსასწაულს, ილიაობას - ელია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს, ასევე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ანგელოზის დღეს და სიმართლის გზით სიარულს გისურვებთ ყველას.

29 წლის წინ უწმინდესისა და უნეტარესის თაოსნობით მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ შთამაგონებელ, დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა, რომელსაც მაშინ რამდენიმე წერილიც მივუძღვენი.

ილია ხომ ჩვენი ეპოქის შვილია, ადამიანი, ვის შემოქმედებას და ბიოგრაფიას სკოლაში ვსწავლობდით, და ამ დროს, კომუნისტურ საბჭოთა კავშირში იგი წმინდანად შეირაცხა!

ამ ნაბიჯით იგი გახდა შემოქმედი ახალი სულიერი ისტორიის, ვის ხატშიც ჩვენ თანამედროვეობაში უნდა ვიპოვოთ და ამოვიცნოთ ახალ ფორმებში გამოხატული მარადიული ფასეულობები.

დღესაც შემიძლია გავიმეორო 29 წლის წინ გამოთქმული აზრი, რომ „წმინდანი არის მორწმუნის მიერ არჩეული გზის სისწორის რეალური დასაყრდენი და იმედი, მასაზრდოებელი ძალა“.

ამდენად, უწმინდესმა ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვით ახალი იმპულსი შესძინა ჩვენ ყოველდღიურ გარჯას, უზენაესი, მაგრამ ცოცხალი და ხელშესახები მაგალითის ჩვენებით სწორი ორიენტირი დაუსახა თითოულ ჩვენგანს და საზოგადოებას მთლიანად, ჩვენი უახლოესი ისტორიის დრამატულ მომენტში განგვიმტკიცა საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების რწმენა", - აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე