Check in Georgia-ს ფარგლებში კონცერტები გაიმართება დუშეთში, თიანეთსა და მესტიაში

საქართველო, თბილისი - 11:12 | 30.07.2016
ნანახია: 1715

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia” გრძელდება. 30 ივლისს, ქართული მუსიკალური ანსამბლებისა და ჯგუფების მონაწილეობით კონცერტები გაიმართება დუშეთში, თიანეთსა და მესტიაში.  

დუშეთში, სოფელ ჩარგალში, 13:00 საათზე,  ვაჟა ფშაველას მუზეუმის ტერიტორიაზე კონცერტს გამართავს 2 ანსამბლი - „გორდელა“ და  „ჩვენებურები“. კონცერტის პარალელურად, სახალხო დღესასწაულის - „ვაჟაობა“ ფარგლებში, ადგილზე მთელი დღის მანძილზე ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები.

ამავე დღეს, 30 ივლისს, თიანეთში, 19:00 საათზე, ვაჟა ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში მოეწყობა კონცერტები ანსამბლ „ორერას“, ჯუფ „ფლეშის“ და დავით ილურიძის ბენდის (სოლისტები მაკა გამყრელიძე და ხათუნა ჯალაღონია) მონაწილეობით.

მესტიაში, 19:00 საათზე, სეტის მოედანზე  მსმენელს საშუალება ექნება დაესწროს ჯგუფ „ბანის“ და დათო ევგენიძის ბენდის კონცერტს.

აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia” წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.

პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი „Maroon 5” და ხოსე კარერასი.

პროექტის „Check in Georgia“ განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia” მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე