ტექნოპარკი ამბასადორიალის სამუშაო სესიას მასპინძლობს

საქართველო, თბილისი - 18:50 | 26.07.2016
ნანახია: 1436

27 ივლისს 15:00 საათზე პირველად ამბასადორიალის ფარგლებში გაიმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრას დაესწრება საქართველოს 91 სრულუფლებიანი ელჩი სხვადასხვა ქვეყნიდან, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები. ელჩების შეხვედრა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან და ეკონომიკური დიპლომატიის შესახებ სამუშაო სესია  საქართველოს ტექნოლოგიური პარკში ჩატარდება. (ინოვაციების ქ.#7,ოქროყანა, თბილისი).

ტექნოპარკში გამართულ სესიაზე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ინოვაციებისა და სტარტაპების ეკოსისტემას, საელჩოებთან არსებულ და პოტენციურ თანამშრომლობის პერპექტივებს გააცნობს. ერთერთი პანელის ფარგლებში დაისმება ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და ექსპორტის ხელშეწყობის საკითხი, სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტები და საექსპორტო პოტენციალი. შეხვედრაზე განიხილება საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, რეფორმები, მნიშვნელოვანი პროექტები და საქართველოს ტურიზმის სექტორის განვითარების პრიორიტეტები. სესიების შემდეგ დაგეგმილია მოწვეული დიპლომატებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისათვის ტექნოპარკის საინფორმაციო ტურის ჩატარება, სადაც სტუმრები გაეცნობიან სააგენტოსა და ტექნოპარკის სერვისებს, პროექტებს, პროგრამებს, შეეძლებათ დაათვალიერონ ფაბლაბში შექმნილი პროდუქტები და პირადად გაესაუბრონ სტარტაპ ბიზნესის წარმომადგენლებს.

ამბასადორიალი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, თბილისში დღეს, 26 ივლისს დაიწყო და 29 ივლისამდე გაგრძელდება. ამბასადორიალის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები გაწეული საქმიანობას შეაფასებენ და მომავალი წლის სამუშაო გეგმებს დასახავენ, განიხილავენ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებს, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს. 

 

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე