გიგი უგუალვას და ე.წ. კაბელების საქმის განხილვა შესაძლოა გადაიდოს

საქართველო, თბილისი - 14:13 | 22.07.2016
ნანახია: 1463

საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელის ერთობლივი განხილვა მიმდინარეობს. გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეზე ადვოკატები ითხოვენ ბათილად იცნოს თანხის გაფლანგვის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი.

ამ დროისთვის პლენუმი სათათბიროდ არის გასული და მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ, გადაიდება თუ არა სხდომა. სხდომის გადადების შესახებ ინიციატივა მოსამართლეთა ნაწილმა დააყენა.  

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გადადების მიზეზად მოსამართლეთა ნაწილმა, გიორგი პაპუაშვილის მიერ, გუშინ გაკეთებული განცხადება დაასახლა და განაცხადა, რომ სჯობს დაელოდონ ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურის დასკვნას. მათ მიაჩნიათ, რომ, ვიდრე აღნიშნული საქმე გამოკვლეული არ იქნება, მუდმივად იქნება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეები არაობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებენ.

მოსამართლეების ინიციატივა სხდომის გადადებასთან დაკავშირებით, მიუღებელია როგორც ე.წ. კაბელების საქმეში მსჯავრდებულების, ისე გიგი უგულავას ადვოკატებისთვის.

როგორც მათ აღნიშნეს, მოსამართლეები ამ განცხადებებით ცდილობენ საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზებას.

„თუ საგამოძიებო უწყებები და ხელისუფლება ახორციელებს ზეწოლას მოსამართლეებზე, მაშინ ეს ზეწოლა წარმატებულია, თუ საგამოძიებო უწყებებს და ხელისუფლებას გადაეცემა გასაღები, როდის ჩანიშნავს საკონსტიტუციო სასამართლო პროცესს,“ - განაცხადა სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ოთარ კახიძემ.

ამავე საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატმა ლევან სამუშიამ.

„საკონსტიოტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილის შუამდგომლობა, პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, გაკვირვებას იწვევს, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ და გარკვეულწილად აღიარებაა იმისა, რომ მათი ზედამხედველი არის პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე