დიმიტრი ქუმსიშვილი ჰერნანდო დე სოტოს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 15:40 | 14.10.2015
ნანახია: 1638

აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისში იმყოფება ცნობილი ეკონომისტი და ინტელექტუალი ჰერნანდო დე სოტო, რომელიც დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდა. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილიც ესწრებოდა.

„მნიშვნელოვანია, რომ ნიჭიერი ადამიანები საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან ერთად იკრიბებიან, რადგან დღეს მსოფლიოს მოსახლეობას ერთმანეთთან საკმარისი კავშირი არ აქვთ. ამ ფორუმის ინიციატივა სწორედ რომ საჭიროა. საქართველოში ბოლო პერიოდში ძალიან დიდ პროგრესს მიაღწიეთ, თქვენ გააუმჯობესეთ ადმინისტრირება, რაც საქართველოს საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“ - განაცხადა ჰერნანდო დე სოტომ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ჰერნანდო დე სოტო მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და აღიარებული მოაზროვნეა. გაზეთმა Handelsblatt იგი ჩვენი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ მოაზროვნედ დაასახელა, გამოცემებმა Time და Forbes - წამყვან ნოვატორად, ხოლო Prospect and Foreign Policy-მ მსოფლიოს „ტოპ 13 საჯარო ინტელექტუალების“ სიაში შეიყვანა.

ჰერნანდო დე სოტო 15 ოქტომბერს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნის ცერემონიალს გუძღვება, ხოლო 16 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს პანელში „საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების ათვისება,“ როგორც პანელის ერთ-ერთი მომხსენებელი.

„აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელსაც ჩვენ ჩავატარებთ 15-16 ოქტომბერს, გვეყოლება მსოფლიოს 31 ქვეყნიდან 800-ზე მეტი დელეგატი. მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომელსაც ჩვენ ამ ფორუმიდან ველოდებით. საბოლოო ჯამში, ამ ღონისძიების შედეგად ჩვენ უნდა გვქონდეს დამატებითი სამუშაო ადგილები, რომლებიც შეიქმნება საქართველოში. ასევე უნდა იყოს გაზრდილი ის ტვირთბრუნვა, რომელიც გაივლის საქართველოზე და უნდა გვქონდეს შესაძლებლობა მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება ჩვენს მოსახლეობაზე“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე