„თავისუფალი დემოკრატები“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას უჭერენ მხარს

საქართველო, თბილისი - 15:34 | 14.10.2015
ნანახია: 2065

„თავისუფალი დემოკრატები“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (“ფინანსური პოლიციის”) გაუქმებას უჭერენ მხარს. აღნიშნული საკითხი უკვე შეტანილია პარტიის ეკონომიკურ ხედვებში და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ირაკლი ალასანიას გუნდი შეეცდება საგამოძიებო სამსახურის წნეხი ბიზნესზე მოსპოს.

როგორც პარტიის ეკონომიკურ ხედვებშია აღნიშნული, საგადასახადო ადმინისტრირება უნდა ემსახურებოდეს საგადასახადო დისციპლინის შენარჩუნებას და არა ბიუჯეტში ნაკლული თანხების “ამოღებას”. ამ მიზნის მისაღწევად, გარდა „საგადასახადო კოდექსსა“ და ნორმატიულ აქტებში ბუნდოვანებების სრულად აღმოფხვრისა, განხორციელდება რიგი ცვლილებები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის (“ფინანსური პოლიციის”) გაუქმება; საგადასახადო ადმინისტრირების მონაცემთა ანალიზით შეფასებული გადაუხდელობის რისკზე დაფუძნებულ მონიტორინგზე გადასვლა; გადასახადის არასწორად გადახდის დეკრიმინალიზაცია.

„თავისუფალი დემოკრატების“ ეკონომიკური გუნდის წევრი, ეკონომისტი ვასილ რევიშვილი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო სამსახურის კომპანიაში შესვლის შიშით ხშირად ბიზნეს ოპერირება უჭირს.

„საგამოძიებო სამსახური ისტორიულად ჩამოყალიბდა რეპრესიის იარაღად. ამიტომ ბიზნესის აღქმა საგამოძიებო სამსახურის შესვლაზე, არის საკმაოდ ნეგატიური. „ფინანსური პოლიციის“ შიშით ხშირად ბიზნესის წარმოება რთულდება.

მეორეს მხრივ, აუცილებელი არ არის ერთიდაიგივე საკითხზე რამდენიმე მაკონტროლებელი ორგანო იყოს. მაგალითად, შესაძლოა ანგარიშებს ამოწმებდეს შემოსავლების სამსახური, და პარალელურად ამ ანგარიშებს ამოწმებდეს საგამოძიებო სამსახურიც. ეს ყველაფერი ელემენტარულად დროსთანაა დაკავშირებული. დრო კი ფულია და ბიზნესი თავის საქმეს ვერ აკეთებს“, აცხადებს ვასილ რევიშვილი.

„თავისუფალი დემოკრარტების“ ეკონომიკური გუნდის წევრი მიიჩნევს, აუცილებელია კანონმდებლობა ჩასწორდეს და რაც რეალურად არ არის ფინანსური დანაშაული ის დანაშაულად არ ჩაითვალოს.

„მაგალითად, საბანკო და საგადამხდელო დოკუმენტების გაყალბება ითვლება კრიმინალად. ეს სწორი ჩანაწერია იმ თავითვ, რადგანაც იგულისხმება საბანკო ბარათები: სადებეტო თუ საკრედიტო ბარათები. თუმცა ამ მუხლში, საგადამხდელო დოკუმენტები არის არასწორად ჩაწერილი, ამიტომ ანგარიშფაქტურის ნებისმერი 3 თეთრით არასწორად დაწერა უკვე ითვლება კრიმინალად, რაც უკვე არასწორია.

შესაბამისად უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა, რათა გაიმიჯნოს რა არის ადმინისტრაციული დანაშაული და რა კრიმინალური დანაშაული. გადასახადის არასწორად გადახდა, არ შეიძლება იყოს კრიმინალური დანაშაული. ის უნდა ისჯებოდეს ადმინისტრაციული ჯარიმით. ცხადია უნდა დაწესდეს ამ ჯარიმის შესაბამისი ოდენობაც. მაგრამ თუ ადგილი აქვს დანაშაულს, ხალხის მოტყუებას და ასე შემდეგ, ეს უკვე პროკურატურის საქმეა. არაა აუცილებელია ამ საკითხში შუაში კიდე რომელიმე უწყება იდგეს“, - აღნიშნა ვასილ რევიშვილმა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე