მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტთან დაკავშირებით იუსტიციის სახლების თანამშრომლები დაატრენინგეს

საქართველო, თბილისი - 11:38 | 19.07.2016
ნანახია: 1129

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტსა და იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრები თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგს ის ოპერატორები ესწრებოდნენ, რომლებიც მოქალაქეებს საჯარო რეესტრის სერვისების მიმართულებით ემსახურებიან. სულ მასში მონაწილეობა 40-მდე თანამშრომელმა მიიღო. ტრენინგს საჯარო რეესტრის სააგენტოს წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა და 1 აგვისტოდან სრულად ამოქმედდება კანონპროექტი, რომლის შედეგადაც მიწის რეგისტრაციის პროცესში არსებული ბარიერები მოიხსნება და იგი მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდება.  ცვლილება იმ სირთულეებს აღმოფხვრის, რომლებსაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან და,  უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასთან ერთად, მესაკუთრის უფლებებსაც დაიცავს.  კანონპროექტების ავტორი იუსტიციის სამინისტროა.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საჯარო რეესტრი ახალ ფუნქციას იძენს და   რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილე გახდება. ამიეირდან იგი მოქალაქეს საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის, მოძიებაშიც დაეხმარება. შესაბამისად, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების თანამშრომლების გადამზადებას მოქალაქეებისთვის ამომწურავი კონსულტაციის გაწევისა და პროექტის წარმატებით განხორცილებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე