გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში, ჩვენ გვწამს ჩვენი ევროპული მომავლის
საქართველო, თბილისი - 16:14 | 01.07.2016 ნანახია: 1625
საქართველოში, ჩვენ გვწამს ჩვენი ევროპული მომავლის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტუმრებს სამუშაო სადილზე, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის მასპინძლობა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და ქვეყანა ამით ამაყობს.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო ამბიციური სახელმწიფოა ვართ;
„გასული წლების მანძილზე მიღწეული ყველა წარმატების მიუხედავად, მივიჩნევთ, რომ საბოლოო მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, ჩვენ არ მივცემივართ თვითკმაყოფილებას და მიგვაჩნია, რომ წინ კიდევ დიდი გზა გველის - მუდმივი ცვლილებების, აღმასვლისა და ვარდნის, რეფორმების, წარმატებებისა და მარცხის გზა. ჩვენ გამოვიარეთ სამოქალაქო ომი, ოკუპაცია, თუმცა ვამაყობთ იმიტომ, რომ ვართ დამოუკიდებლები, შეგვიძლია საკუთარი ბედის განსაზღვრა და სტაბილურად განვაგრძობთ წინსვლას ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური სულისკვეთების რეალიზების მიზნით. ჩვენ უკან ვიტოვებთ დაბალი საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნის გამოწვევებს და მათ ნაცვლად ვიღებთ მაღალი საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნისას. ჩვენ უკან ვიტოვებთ დემოკრატიული გარდაქმნის პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს და დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესს ვიწყებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროგრესის შესახებ უკანასკნელი ანგარიშის თანახმად, საქართველომ ბევრ სფეროში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია - დაწყებული საგარეო პოლიტიკითა და ეკონომიკური ზრდით და დამთავრებული სოციალური სტანდარტებითა და დემოკრატიით და ეს ძალისხმევა უკვე შედეგს იღებს.
„გასული სამი წლის მანძილზე, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან განაგრძობს განვითარებას და მოუთმენლად ველით უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას - ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ევროკავშირის მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. ამავდროულად, მნიშვნელოვნად გავზარდეთ სავაჭრო შეთანხმებების ქსელი მეზობელ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან. ჩვენ განახლებული აბრეშუმის გზის ერთგვარი ცენტრიც კი გავხდით - უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გასულ ათასწლეულშიც სწორედ ამ ფუნქციას ვასრულებდით. გასულ კვირას EFTA-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ჩინეთთან ამავე საკითხზე მოლაპარაკებები წლის ბოლოსთვის დასრულდება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეროვნულ დონეზე გატარებული ამბიციური ინსტიტუციური რეფორმები შეეხო სასამართლო და საარჩევნო პროცედურებს, რის შედეგადაც, მოქალაქეთა მდგომარეობა და ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. პრემიერის შეფასებით, საქართველო სრულ შესაბამისობაშია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთაშორისო სტანდარტებთან.
„საერთაშორისო შეფასებების კუთხით, ჩვენი სტაბილური განვითარება მართლაც ღირსშესანიშნავია. ალბათ, შეგიძლიათ თქვათ, რომ ძალიან ვამაყობ ჩემი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესით. ეს ასევე ეხება ეკონომიკური განვითარების ასპექტსაც, არსებული ეკონომიკური ტურბულენტობისა და არასტაბილურობის პირობებში საქართველო ზრდის, თანა-განვითარებისა და სოციალური მდგრადობის გზაზეა. საერთაშორისო ბიზნესის წარმოებისთვის მიმზიდველი გარემოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით, საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია. ინვესტორები, საქართველოს სახით, ხედავენ სტაბილურ, სტუმართმოყვარე და განვითარებად სახელმწიფოს. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემების თანახმად, საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 100%-ზე მეტით გაიზარდა - შემდეგი კვარტლის წინასწარი მონაცემებიც, ანალოგიურად, ძალიან ოპტიმისტურად გამოიყურება. კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთსა და რუსეთშიც კი ბიზნესის წარმოების კუთხით ცხელი წერტილი ვართ. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჩვენთან ბიზნესის წარმოება ერთ-ერთი უმარტივესია. საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით, მე-9 ადგილზე ვართ. ყველა მოწინავე სარეიტინგო სააგენტო სტაბილურ სახელმწიფოდ მიგვიჩნევს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობას სჯერა, რომ შიდა ეკონომიკური განვითარება ინვესტიციების მოზიდვის გარეშე წარმოუდგენელია და, ამდენად, ხელისუფლებამ შეიმუშავა 4-პუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც მოწოდებულია, უზრუნველყოს მდგრადი განვითარება და ინკლუზიური ზრდა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, რეფორმების მიმდინარე პროცესი ასევე შეეხება საგადასახადო სისტემასა და კაპიტალის ბაზრებს, განათლებას, ჯანდაცვასა და საპენსიო სფეროებს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის მზადყოფნას, შექმნას თანამედროვე, განათლებული და ჯანსაღი კადრები, რომლებიც გლობალურ ეკონომიკაში კონკურენტუნარიანები იქნებიან.
„საერთო ჯამში, საქართველო იზრდება, ხდება უფრო მრავალფეროვანი, მისი ეკონომიკა ვითარდება; ხდება უფრო გამჭვირვალე, ამცირებს ბიუროკრატიის ხარისხსა და გადასახადებს; აკონტროლებს დეფიციტის დონეს და იღებს ყველა ზომას, რომ მისი სარეიტინგო მონაცემები ყოველწლიურად გაუმჯობესდეს. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ საქართველო სწორ გზაზეა. შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და ვიმედოვნებ, საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ მყარად დგას ძლიერი დემოკრატიისა და კეთილდღეობის გზაზე. არჩევნები ამ დრომდე მიღწეული წარმატების გამოცდაც იქნება. წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საქართველოს ისტორიაში პირველად, მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება. დარწმუნებული ვარ, მოსალოდნელი არჩევნები ისტორიაში შევა, როგორც ნების გამოხატვის პირველი თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეფორმებმა შედეგი უკვე გამოიღო და ეროვნულ დონეზე უკვე ორჯერ ჩატარდა არჩევნები - საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის, რომლებიც საერთაშორისო შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი იყო.
„მოქმედებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი სტრუქტურები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მთავრობა 100%-ითაა მოწოდებული, ეს მოლოდინი გაამართლოს. სასწორზე ბევრად მეტი დევს, ვიდრე არჩევნებში გამარჯვებაა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაცილებით უფრო ღირებულია. აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა შიშისა და ზეწოლის, ან ძალადობის გარეშე მიიღონ. არ უარვყოფ, რომ გასულ წლებში ეს ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იყო. თუმცა, ეს ასე არაა დღევანდელ საქართველოში - აქ ადგილი არ აქვს ძალადობრივ პოლიტიკას. ჩვენ ყველა ღონეს მივმართავთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ საქართველო აღარ იყოს ის ადგილი, სადაც არჩევნების შედეგს წყვეტს ის, ვინც ხმებს ითვლის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველოს ასევე მსოფლიო დონის მაჩვენებლები აქვს გამჭვირვალობისა და მედიის თავისუფლების კუთხით.
„ჩვენ მიერ ორგანიზებულ არჩევნებში მმართველი პოლიტიკური ძალა, შეიძლება, დამარცხდეს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენს დემოკრატიულ გარემოში, გამარჯვებულს ყველაფერი არ რჩება, ხოლო დამარცხებული ყველაფერს არ კარგავს. ახლა უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს „წარმატება“ თითოეული მოქალაქისა და მთელი მსოფლიოსთვის ჩვეულ მოლოდინად იქცეს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად ამისა, საქართველოს წარმატების ისტორია სერიოზული გამოწვევებითაა სავსე. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, შიდა რეფორმები წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა ქვეყანა მნიშვნელოვან საგარეო გამოწვევებს აწყდება.
„2013 წლის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა აღმოსავლეთისა და დასავლეთის გაყოფა გამოიწვია. ჩვენ ვშორდებით ასტანის მემორიალური დეკლარაციის ხედვას, რომელიც უსაფრთხობის გაძლიერების მიზნით გაერთიანებული ევროატლანტიკური და ევრაზიული რეგიონის მოდელს გვთავაზობს. ეს გამოწვევა საქართველოსა და ევროპის კეთილდღეობასა და დემოკრატიას ემუქრება. დემოკრატიულ სახელმწიფოს არ შეუძლია, გამუდმებით აკეთოს არჩევანი თავისუფლებასა და სუვერენიტეტს შორის - სწორედ ამ არჩევანის წინაშე აყენებს რუსეთი ქვეყნებს, რომლებსაც ის ზედმეტად ახლოდ მიიჩნევს, საიმისოდ, რომ საზღვარგარეთად განიხილოს. ეკონომიკას არ შეუძლია, გამუდმებით აიტანოს ის, რომ უსაფრთხოების საკითხი „ქვეყანასთან დაკავშირებული რისკია“. პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთი არ გვეხმარება „ერთიანი სამეზობლოს“ შექმნაში. ერთი რამ ნათელია - საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის დილემის წინაშე არ დგას. ნამდვილი არჩევანი შემდეგია - თავისუფლება თუ ოკუპაცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიზნის ერთგულია.
„სხვადასხვა მოვლენის მიუხედავად, ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას, განვაგრძოთ ძალიან მყიფე, თუმცა, ძალიან საჭირო ნდობის აღდგენის პროცესი, ქართველებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ და-ძმებს შორის. საქართველოს მსგავს ქვეყნებს, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ მათ მიერ მომავალში გასავლელი გზის ნაწილი უკვე გავლილზე გრძელია, ერთი უპირატესობა აქვთ - ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ჩვენი გამარჯვებები თავისთავადაა ნაგულისხმევი - რადგან ჩვენმა თაობამ ბევრი იბრძოლა იმ საქართველოს მისაღებად, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. ჩვენ ასეთი სახელმწიფო მემკვიდრეობით არ მიგვიღია! ეუთო ევროპის აღმოსავლეთ-დასავლეთ ნაწილებად დაყოფის საპასუხოდ შეიქმნა, ჩვენ მიერ დამოუკიდებლობის აღდგენამდე. ეუთოს მნიშვნელობა სწორედ ამ კონფლიქტების გადაჭრაში მდგომარეობს - ეს საგულისხმოა, რადგან იგი ხელს უწყობს რეგიონის სტაბილურ განვითარებას. ეუთოს ძალა მის მრავალ განზომილებაშია. კომუნიკაციები, გამჭვირვალობა, ნდობის აღდგენა კრიზისის დროს უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია. ამ ეტაპზე, როდესაც ევროპა საკუთარ მომავალზე ფიქრობს, ხოლო რუსეთი გამუდმებულ იდენტობის კრიზისს განიცდის, ჩვენ გვჭირდება კონტინენტის ერთიან მომავალზე დაფიქრება“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ეუთო კონსენსუსისა და ერთიანი ხედვის არარსებობის პასუხად შეიქმნა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სწორედ ამ მიზეზის გამო, ეუთო დღეს უმნიშვნელოვანესია.
„ჩვენი ბედი ყოველთვის ჩვენს ხელში არაა, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალზე ზემოქმედების შესაძლებლობა არ გვაქვს. საქართველოში, ჩვენ გვწამს ჩვენი ევროპული მომავლის. მართლაც, იმის გათვალისწინებით, რამდენს მიაღწია საქართველომ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგიონალური გამოწვევების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ ვგეგმავთ, განვითარება ამ მიმართულებით განვაგრძოთ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
პოლიტიკა
- საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა არის 257 000, ბინადრობის ნებართვა გაცემულია 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე - ირაკლი კობახიძე
- ჩვეულებრივი ამბავია, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება, ყოფილი მინისტრიც იყოს დაბარებული - გია ვოლსკი ლევან დავითაშვილზე
- დასახიჩრებულ ადამიანებზე როდესაც საუბრობთ, ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც წარმოადგენთ გახარიას, ამ მატყუარა, მშიშარა კაცის გუნდს?! მისი ბრძანებით, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს - ირაკლი კირცხალია შალვა კერესელიძეს
- გაათავისუფლეთ უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები, რომლებიც თქვენს მხარდამჭერებსაც კი ხინჯად აქვთ გულში გაჩხერილი - ფრაქცია „საქართველოსთვის“ პარლამენტს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს
საზოგადოება
- „თეგეტა“ „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს
- ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის - „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ზამთრის ბანაკი გაიმართა
- 14-15 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს
- „თეგეტამ“ BARTA 2025-ის საპატიო ჯილდო მიიღო
სამართალი
- პროკურატურა: ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებულია ელისო კილაძე. ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება ოთარ ფარცხალაძეს
- ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავეს, ერთ-ერთი პოლიციელს მანქანით განზრახ დაეჯახა
- პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტი გამუდმებით ამბობს, რომ ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავთ, თუმცა ამ ძალას ზოგჯერ შეიძლება იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენონ, ვეღარ აღდგეს - აიათოლა ალი ხამენეი
- მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს რვა წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
- დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის წინააღმდეგ ისრაელის დარტყმებს - მედია
- ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















