საქართველო შვედეთის სამეფოსთან სამართალდამცავ სფეროში ხელშეკრულებას გააფორმებს

საქართველო, თბილისი - 18:23 | 30.06.2016
ნანახია: 1183

საქართველო და შვედეთის სამეფო სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე მუშაობენ, რომელსაც მხარეები უახლოეს პერიოდში მოაწერენ ხელს.

აღნიშნული ხელშეკრულება საპოლიციო თანამშრომლობის სფეროში რიგით მე-16 შეთანხმებაა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ბოლო წლების განმავლობაში გააფორმა.

ამ მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შვედეთის სამეფოს იუსტიციის სამინისტროს, პოლიციისა და საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ. დელეგაციის წევრები შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეს, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარტინა ქუიქი.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტი და სრულად შეაჯერეს მისი დებულებები. მოლაპარაკებების დასასრულს, ხელი მოეწერა შეხვედრის ოქმს.

აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას და ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე