ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:36 | 21.07.2026
ნანახია: 40

შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარსულს ჩავაბარეთ ძალიან ცუდი, ნეგატიური მემკვიდრეობა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დატოვა. ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილს კითხვა დაუსვეს ირაკლი კობახიძისადმი გაგზავნილ დონალდ ტრამპის წერილსა და ოპოზიციის გამოხმაურებაზე.

„ამ წერილის შემდეგ, შეიძლება, მათ ძილი გაუქრათ და დაეკარგათ. ფაქტი, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება და საზოგადოება ამას ხედავს, განურჩევლად იმისა, ზოგიერთი ოპოზიციონერი რამდენად შეეცდება ამა თუ იმ გადაწყვეტილების თუ ნაბიჯის დამცირებას, დაკნინებას. ორმხრივი ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში ვითარდება, რასაც უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები მოჰყვა როგორც შეხვედრების, ვიზიტების, გადაწყვეტილებების დონეზე. ჩვენ და პრემიერ-მინისტრის გუნდმა არაერთხელ გამოვთქვით მზაობა, უფრო მეტად გაღრმავდეს ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით დავაფუძნოთ. ამ მიმართულებით მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ, საქართველოს ინტერესების დაცვით და, რაც მთავარია, ურთიერთთანასწორობის ნიადაგზე. დანარჩენი სამუშაო პროცესია. ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული. დანარჩენი დამოკიდებული იქნება კონკრეტულ პროცესზე. მთავარია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარსულს ჩავაბარეთ ის ძალიან ცუდი, ნეგატიური მემკვიდრეობა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დატოვა. დღეს შესაძლებლობა გვაქვს, ურთიერთობები ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად ავაშენოთ, რომელიც, იმედია, სტრატეგიულ პარტნიორობამდე მიგვიყვანს. რა თქმა უნდა, ეს 100-პროცენტიანი, გარანტირებული პროცესი არ არის, სამუშაო პროცესია. ვეძებთ საერთო გადაკვეთის, ინტერესის წერტილებს. იმედია, ასეთი საერთო ინტერესების წერტილები გამოიკვეთება და სტრატეგიულ პარტნიორობას ამაზე დავაშენებთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე