მაჩალიკაშვილების სარჩელი სტრასბურგმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საქართველო, თბილისი - 15:21 | 19.01.2023 ნანახია: 539
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც 19 იანვარს გამოქვეყნდა, სასამართლომ დაადგინა, რომ პროცედურულ ნაწილში (მაჩალიკაშვილის მკვლელობის გარემოებების არასათანადო გამოძიება) დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), თუმცა კოლეგიის წევრი მოსამართლეების უმრავლესობის აზრით, ამავე მუხლის არსებითი ნაწილი, რაც უშუალოდ იმას ეხება, გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ არასათანადო ლეტალური ძალა თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, არ დარღვეულა.
ამ საკითხზე ერთმა მოსამართლემ განსხვავებული აზრი დააფიქსირა და დაწერა, რომ მისი შეფასებით დაირღვა კონვენციის მეორე მუხლი როგორც პროცედურულ, ასევე არსებით ნაწილებშიც.
რაც შეეხება კონვენციის მე-3 მუხლს (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), რომელზეც მოსარჩელეები დავობდნენ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა არ განიხილა, კონვენციის მე-13 მუხლთან დაკავშირებით (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) კი განაცხადა, რომ არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილის გნახილვის აუცილებლობა.
სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის კომპენსაციის სახით 10 000, გაღებული ხარჯებისთვისკი დამატებით 15 000 ევროს გადახდა დააკისრა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა სარჩელი „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დახმარებით გაგზავნა. სარჩელში ორგანიზაცია დავობდა, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, სოფელ დუისში სპეცოპერაციის ჩატარებისას თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფომ გამოიყენა არაპროპორციული და გაუმართლებელი ლეტალური ძალა, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-2 მუხლს.
ოჯახის წევრები ასევე დავობდბენ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაზე, სპეცოპერაციის განსაკუთრებით აგრესიულ და დამამცირებელ გარემოებებში წარმართვის გამო. დამატებით, განმცხადებლები მიუთითებენ, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ზემოთ მითითებული გარემოებების თაობაზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების პროცედურული ნაწილისა და მე-13 მუხლის დარღვევას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოძიება იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში ჩატარდა დაკავების ოპერაცია, დაუყოვნებლივ დაიწყო, თუმცა პირველადი საგამოძიებო მოქმედებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლების მიერ იქნა ჩატარებული და არა პროკურატურის.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დელეგირება პროკურატურაზე რამდენიმე საათში მოხდა, გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ის ეყრდნობოდა მაჩალიკაშვილის საძინებლის ჩხრეკას და სუს-ის გამომძიებლების მიერ ამოღებულ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილი არ დაილუქა და ნივთების გადაადგილება მოხდა, რამაც კონკრეტული შედეგი იქონია გამოძიებაზე. შესაბამისად, ვერ მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონის ადგილმდებარეობის განსაზღვრა გასროლის მომენტში.
ამასთან, სასამართლო უთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხა, სუს-ის ოფიცრების დაკითხვის 5 კვირით დაგვიანებამ ხელი შეუწყო ადეკვატურობის ნაკლებობას გამოძიებაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ დამოუკიდებელი თვითმხილველები არ არსებობდნენ. ამასთან, სასამართლოს განცხადებით, ოპერაციის მართვასა და დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირების დაკითხვას 20 თვე დასჭირდა.
გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ სასამართლომ გამოავლინა არაერთი პროცედურული გადახრა, განსაკუთრებით, არასრულყოფილი პირველადი გამოძიების ნაწილში, თუ როგორ იყო ამოღებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაგვიანებული გამოკითხვებისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მამისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის გამო, ოჯახმა ვერ შეძლო პროკურატურის გადაწყვეტილების გასაჩივრება გამოძიების შეწყვეტის თაობაზე.
ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ეფექტური გამოძიების წარმართვა და დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა.
რაც შეეხება მე-2 მუხლის შინაარსობრივ ნაწილს, სასამართლომ განაცხადა, რომ შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს, თუ როდის არის გამართლებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრების მიერ ლეტალური ძალის გამოყენება, იმ მომენტისთვის არსებობდა.
ამასთან, სასამართლო უთითებს, რომ ოპერაცია ჩატარდა ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიების ფარგლებში და გაიზიარა მთავრობის არგუმენტი, რომ არსებობდა მოლოდინი თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან შეიარაღებულ წინააღმდეგობას შესაძლო გაწევის შესახებ. სასამართლომ შეუსაბამოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ წარმოდგენილი არ იქნა არავითარი დოკუმენტი რომელიც ოპერაციის დაგეგმვასა და მსვლელობას ეხებოდა და აღნიშნავს, რომ ოპერაციის დაგეგმვისას, რომელშიც უამრავი შეიარაღებული ოფიცერი მონაწილეობდა და მიზნად ისახავდა პოტენციურად შეიარაღებული ტერორისტის დაკავებას, კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ვერ უზრუნველყო ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის ყოფნა.
მიუხედავად ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ კრიტიკული შეკითხვა შეეხებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მოქმედებას იმ მომენტში, როცა მის საძინებელში ოფიცრები შევიდნენ:
„იმ დროს, როცა გამოძიებამ დაადგინა, რომ სუს-ის ოფიცერმა რეაგირება მოახდინა თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ხელყუმბარის აღებაზე, რადგანაც მიიჩნია, რომ არსებობდა დაუყოვნებლივი საფრთხე, და თავში გასროლა განახორციელა, მაჩალიკაშვილის ოჯახი ამბობდა, რომ დაღუპულს ყურსასმენები ეკეთა და დიდი ალბათობით ამ დროს მობილურ ტელეფონს იყენებდა“, – აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ვერსია შესაძლებელი იყო, თუმცა თავად ვერ შეაფასებდა ნაწილობრივ იმის გამო, რომ ზუსტი გარემოებების დადგენის მიზნით ადგილობრივ დონეზე სამართლებრივი შეფასება არ განხორციელებულა.. გამომდინარე აქედან, სასამართლომ მიიჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადგენად, რომ ითქვას: თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა. შესაბამისად, შინაარსობრივ ნაწილში სასამართლომ მე-2 მუხლის დარღვევა არ დაადგინა.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლს, სასამართლომ დაადგინა, რომ წარმოდგენილ სარჩელში არ იყო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ თემირლანის ოჯახმა იმაზე დიდი სტრესი და შფოთვა მიიღო, ვიდრე ეს ამგვარი ოპერაციისასაა მოსალოდნელი.
მე-13 მუხლთან დაკავშირებით კი სასამართლო აცხადებს, რომ განცალკევებულად საჩივრის ამ ნაწილის განხილვის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან ის იკვეთება კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან, რომელთან დაკავშირებითაც უკვე იმსჯელა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასება
გადაწყვეტილება უკვე შეაფასა „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“. ორგანიზაციის თქმით, სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა პროცედურულ ნაწილში, რადგანაც მიიჩნია, რომ გამოძიება იყო არაეფექტური:
„სასამართლომ გაიზიარა თითქმის ყველა ჩვენი კრიტიკული შეფასება, რომელიც გამოძიების პროცესთან მიმართებით გვქონდა. მათ შორის, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის საკითხი, რაც გამოძიების პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ჩხრეკის ფარგლებში ამოღებული საგნების, განსაკუთრებით კი, ხელყუმბარის) ამოღების პროცესში სუს-ის მონაწილეობაში გამოიხატა; ასევე, პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაციაში ჩართული ოფიცრების დაგვიანებული გამოკითხვა; გამოძიების მიერ გასროლის დროს მობილური ტელეფონისა და ყურსასმების ადგილმდებარეობის და მათზე სისხლის კვალის არსებობის საკითხის არასათანადო შესწავლა;
ასევე გამოძიების პროცესში მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის საიდუმლო საქმის მასალებზე დაგვიანებული წვდომა და დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭება მათთვის. სასამართლომ ამ კუთხით ასევე კრიტიკულად შეაფასა ის რეალობა, რომ დაზარალებულის სტატუსის არქონის გამო, მაჩალიკაშვილების ოჯახმა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეძლო“ ,- ნათქვამია ორგანიზაციის მეირ გავრცელებულ განცხადებაში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა სასამართლომ ვერ დაადგინა, რადგან, როგორც თავად უთითებს, გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეზე მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სამწუხაროდ, სასამართლომ მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზე არ გადაიტანა, რაც პალატის ერთ-ერთი მოსამართლის მხრიდან განსხვავებული აზრის დაწერის საფუძველიც გახდა.
ამასთანავე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ სასამართლომ არ განიხილა მე-3 მუხლთან დაკავშირებული უფლებები (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), ასევე, ცალკე არ განუხილავს 13-ე მუხლი (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე), რადგან მისი აზრით, არსებითი საკითხები მე-2 მუხლის ქვეშ უკვე შეფასებული იყო:
„ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის უფლების ქვეშ გამოძიების სტანდარტების დარღვევის დადგენა ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების საფუძველი გახდება, რაც იმედი გვაქვს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის სამართლებრივ შესაძლებლობებს მისცემს“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიტიკა
- ადამიანი თუ ქვეყნის ინტერესებს ასცდება და დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს, სახელმწიფო მკაცრი იქნება - მარიამ ლაშხი ფარცხალაძეზე
- ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობდა, ეს არის სოციოპათი პოლიტიკოსების თავში მოხარშული რაღაც საშინელება, გროტესკი, აბსურდი, ასეთ რეჟიმს საქართველოში შანსი არ აქვს - ლევან ცუცქირიძე
- აშშ-ს პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, თუ შენ ამ გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს - ირაკლი ფავლენიშვილი
- აშშ-მა ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენა და ამას მივესალმები, თავის ტყავზე გამოცადონ, რასაც სხვებს უკეთებენ - თენგიზ შარმანაშვილი ევროპელების დასანქცირებაზე
საზოგადოება
- საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
- აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
სამართალი
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
მსოფლიო
- დღეს ევროპელ ლიდერებთან კარგი დისკუსია მქონდა უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის, მისი უსაფრთხოებისა და ქვეყნის აღდგენის შესახებ - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- თითქმის ერთი დღე გავიდა და რუსეთს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ და ვერც წარმოადგენს, რადგან თავდასხმა არ ყოფილა - ანდრიი სიბიჰა
- რუსეთის მიზანია 2026 წლისთვის დონბასის მთელი ტერიტორიისა და ზაპოროჟიეს ოლქის დაკავება - კირილო ბუდანოვი
- უკრაინაში ომი, შესაძლოა, 90 დღის განმავლობაში დასრულდეს - ნატო-ში აშშ-ის ელჩი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
- ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















