Bellingcat-ის დირექტორი მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის გამოძიებაში საქართველოს დახმარებას სთავაზობს

საქართველო, თბილისი - 19:29 | 10.01.2023
ნანახია: 364

საგამოძიებო ჯგუფის, Bellingcat-ის, აღმასრულებელმა დირექტორმა ხრისტო გროზევმა საქართველოს სამართალდამცველ უწყებებს საჯაროდ მიმართა და დახმარება და თანამშრომლობა შესთავაზა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სავარაუდო მოწამვლის საქმის გამოძიებაში.

„დარწმუნებული ვარ, ისინი [საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები] ამ გამოძიებით დაინტერესებული არიან. ჩვენ დახმარებისთვის მზად ვართ, თუ ისინი მზად არიან გაგვიზიარონ მონაცემები - საეჭვო ხალხის ნებისმიერი გადაადგილება, საზღვრის კვეთა და ყველაფერი, რაც მათ მიაჩნიათ, რომ დამატებით შესამოწმებელია“, - განაცხადა გროზევმა ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში.

გროზევის თქმით, ჟურნალისტები გაეცნენ ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნას, გაიარეს კონსულტაცია რუს ექსპერტებთან ქიმიური იარაღის სფეროში და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მიხეილ სააკაშვილის მძიმე ლითონებით მოწამვლის ვერსია რეალურია.

გარდა ამისა, გროზევის თქმით, არსებობს მოტივიც, რადგან მიხეილ სააკაშვილი რუსულ FSB-სა და GRU-ს მტრების სიაში ჰყავს შეყვანილი და მათ შეეძლოთ ასეთი გადაწყვეტილების მიღება.

მიხეილ სააკაშვილმა გროზევს 4 იანვარს მიმართა, მისი შესაძლო მოწამვლის გამოძიების თხოვნით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე