ფეხბურთელს პუტინის გამოსახულებიანი მაისურის გამო დისკვალიფიკაცია ემუქრება

საქართველო, თბილისი - 14:36 | 22.02.2016
ნანახია: 2269

უეფამ მოსკოვის ”ლოკომოტივის” ფეხბურთელის დიმიტრი ტარასოვის წინააღმდეგ დისციპლინარული საქმე აღძრა. ტარასოვმა თურქეთში ”ფენერბახჩესთან” თამაშის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსახულებიანი მაისურის დემონსტრირება მოახდინა.

სტამბულში გამართული ევროლიგის, 1/16 ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ტარასოვმა გაიხადა მაისური, რომლის ქვეშაც ეცვა სხვა მაისური პუტინის გამოსახულებით, მასზე იყო წარწერაც ”ყველაზე თავაზიანი პრეზიდენტი”.

”ლოკომოტივი” ”ფენერბახჩესთან” 0 : 2 დამარცხდა. საპასუხო შეხვედრა მოსკოვში 25 თებერვალს გაიმართება.

”მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დისციპლინარული რეგლამენტის დარღვევა და აშკარა პროვოკაცია”, - განუცხადა ”როიტერს” უეფას წყარომ.

წყაროსვე თქმით, ტარასოვს შესაძლოა, დისკვალიფიკაცია მისცენ და მას 10 მატჩის გამოტოვება მოუხდეს. სანქციები ასევე შესაძლოა დაწესდეს საფეხბურთო კლუბ ”ლოკომოტივის” წინააღმდეგაც.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე