სუდანში პუტჩისტებმა პრემიერ-მინისტრი დააპატიმრეს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

საქართველო, თბილისი - 19:51 | 25.10.2021
ნანახია: 516

სუდანში, პუტჩისტმა სამხედროებმა, რომლებმაც მთავრობის წევრები დააპატიმრეს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. გენერალმა აბდელ ფათჰ ალ-ბუხრანმა მთავრობა და ე.წ. სუვერენული საბჭო დაითხოვა, რომელიც აკონტროლებდა ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს  და რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ სამხედრო და სამოქალაქო პირები.

მისი თქმით, სამხედროები გააგრძელებენ ქვეყანაში გარდამავალ პროცესს ახალი მთავრობის არჩევამდე.

გენერალმა არჩევნები 2023 წლის ივლისისთვის დანიშნა. მისი თქმით, მანამდე ქვეყნის სათავეში დამოუკიდებელი მთავრობა იქნება.

პუტჩისტების წინააღმდეგ ქვეყანაში მასობრივი გამოსვლები დაიწყო. სუდანის პროფკავშირების გაერთიანება მოქალაქეებს გაფიცვისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებს.

სუდანის დედაქალაქ ხართუმში ათი ათასობით მოქალაქე ქუჩებში გამოვიდა. მათ ბარიკადები აღმართეს და შეირაღებული ძალების ცენტრალური ოფისისკენ მსვლელობით დაიძრნენ. გავრცელდა ინფორმაცია სროლის შესახებაც. დემონსტრანტები მოითხოვენ სამხედროებმა დატოვონ მთავრობის შემადგენლობა. სროლის შედეგად დაიჭრა 12 ადამიანი. სუდანის ინფორმაციის სამინისტროს განცხადებით, დააპატიმრეს პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდუკი, რადგან მან პუტჩისტების მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. პრემიერი დაუდგენელ ადგილზე გადაიყვანეს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე