ეს იყო გულწრფელი პროტესტი, პერფორმანსი - ირმა ჭკადუა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს უსასყიდლოდ დაიცავს

საქართველო, თბილისი - 13:18 | 21.11.2020
ნანახია: 2954

თბილისში, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატი ირმა ჭკადუა უსასყიდლოდ დაიცავს.

ირმა ჭკადუას თქმით, გუშინდელი თავდასხმა იყო ერთგვარი პროტესტი, პერფორმანსი, რითაც თავდამსხმელი სახელმწიფოს, საზოგადოებისა და მასმედიის ყურადღების მიპყრობას ცდილობდა.

"რეალურად არავინ დაზიანებულა, ფული არ მოუთხოვია, ყაჩაღობას არ ჰქონდა ადგილი. ეს არ იყო ნამდვილი იარაღი. ე.წ მძევლებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, გარკვეული სტრესი მიიღეს, მძიმე იყო მათი და მათი ოჯახების მდგომარეობა, მაგრამ მერწმუნეთ, არავისთვის არ მიუყენებია ზიანი. ვინც სთხოვა, გამოსულიყო, მან ისინი გამოუშვა. მეტსაც გეტყვით, მოლარე გოგონას სთხოვა, სალაროდან რომ გამოვიდა, დაეკეტა სალაროს კარები, რომ არ დაკარგულიყო რაიმე თანხა, მასთან რომ არ ჰქონოდათ ამ მიმართულებით პრობლემა. ეს იყო ერთგვარი პროტესტის ფორმა და პერფორმანსი. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ შეიძლება მასმედიისა და ხელისუფლების ყურადღება მიიპყრო ამ ქვეყანაში. თუ არ არის კონკრეტული მასმედიის დღის წესრიგი, არავის გააშუქებენ. ეს იყო ერთგვარი აბსოლუტურად გულწრფელი პროტესტი. პროტესტი, რომელიც გააჩნია თითოეულ ჩვენგანს", - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, გუშინ, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბისი"-ს ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და 17 მძევალი აიყვანა. მოგვიანებით, თავდამსხმელმა მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა, თავად კი პოლიციას ჩაბარდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე