ინფიცირებულების მატება არ გამოიწვევს საწოლების დეფიციტს - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 11:41 | 14.10.2020
ნანახია: 532

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის მართვაში ჩართულ კლინიკებში, ამ ეტაპზე, მობილიზებულია 3 500 საწოლი და საჭიროების შემთხვევაში 2 ათასამდე კიდევ დაემატება.

მისივე თქმით, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა საწოლების დეფიციტს არ გამოიწვევს, რადგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს და საწოლებიც თავისუფლდება.

"პაციენტები ინფიცირდებიან, მაგრამ აუცილებლად ჯანმრთელდებიან. მხოლოდ აჭარაში გუშინ გვყავდა 207 გამოჯანმრთელებული. ამას ჯანდაცვაში ეწოდება საწოლბრუნვა. გამომდინარე აქედან, ინფიცირებულების მატება ეს აუცილებელ შემთხვევაში არ გამოიწვევს საწოლების დეფიციტს", - განაცხადა მინისტრმა.

ტიკარაძის ინფორმაციით, დღეისთვის, კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 2 200-მდე პაციენტია განთავსებული.

" წარმატებულად ფუნქციონირებს ოჯახის ექიმების კონსულტაციები და კოვიდსასტუმროების ფუნქციონირება. აქტიური პაციენტების უმეტესი ნაწილი მკურნალობს კოვიდსასტუმროსა და ბინაზე. ასევე, დღეისთვის, მხოლოდ კლინიკაში განთავსებულია 2 200-მდე პაციენტი, რომლებიც მკურნალობას გადიან“, – განაცხადა ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე