სოსო ჯაჭვლიანი: უნდათ რომ შეუსრულებელი დანაპირების გამო, ჯოხი ჩვენზე გადატეხონ
საქართველო, თბილისი - 13:26 | 15.01.2016 ნანახია: 4930
საპალამენტო უმრავლესობაში მიმდინარე შიდა დაპირისპირების შესახებ ხმამაღალი განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი, თუმცა სოსო ჯაჭვლიანი გამოდგა ის, რომელმაც ხმამაღალი აღშფოთება გამოხატა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მიერ გამოთქმული მოსაზრების გამო, სადაც მან აქცენტი უმრავლესობის რიგებში მყოფი კოლეგები პროფესიულობის ნიშნით შეაფასა. მისი განცხადებით, 2016 წლის მოწვევის პარლამენტში სპორტსმენები და მსახიობები იმ რაოდენობით ვეღარ მოხვდებიან, როგორც ამჟამად არიან წარმოდგენილი. „პრაიმნიუსჯორჯია“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, სოსო ჯაჭვლიანს ესაუბრა:
-ბ-ნო სოსო, ბოლო დღეებში ატეხილი აჟიოტაჟი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სახელისუფლებო კოალიციის შიგნით მიმდინარე პროცესების ანონსი იყო ის, რაც ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა და ასე მტკივნეულად მიიღეთ. პროფესიული აქცენტების გარეშე, ამ წლების განმავლობაში, თავად როგორ გრძნობთ თავს, პარლამენტის წევრობა თქვენი საქმეა?
-მე პარლამენტში მოსვლიდან სამი თვის თავზე, უკვე ცუდად ვგრძნობდი თავს, სულ ვამბობდი, რომ რიგგარეშე არჩევნებია ჩასატარებელი, რადგან „ნაციონალებს“ 40 % არ ჰქონდათ, მათ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააყალბეს. თავის დროზე კოალიცია იმისთვის შეიქმნა, რომ სხვა გამოსავალი არ იყო. ახლა აღმოვჩნდით ისეთ სიტუაციაში, რომ ზოგი ალთასაა, ზოგი - ბალთას. მაშინ მიზანი ერთი იყო, უნდა წასულიყო მანიაკი მიხეილ სააკაშვილი. კოალიციიდან გასვლის სურვილი ფრაქცია “ქართულ ოცნებაში” არსებობს და ეს ახალი ამბავი არ არის. ყოველ შემთხვევაში , მე ჩემი აზრი მაქვს და ჩემს აზრზე ძალიან ბევრი დგას. ასევე შესაძლებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ცალკე მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ.
-„ქართული ოცნების“ საპარლამენტო შემადგენლობიდან მგონი პირველი აღმოჩნდით, ვინც საჯაროდ დაპურისპირდა საკუთარი პარტიის ერთერთ ლიდერს, არადა, ირაკლი კობახიძის განცხადებამდე არაერთხელ თქმულა, რომ მომავალ საპარლამენტო სიაში კოალიციის ამჟამინდელი შემადგენლობიდან ბევრი ვინმე ვეღარ მოხვდება. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილისადმი წერილის მიწერის ნაცვლად, ირაკლი კობახიძესთან პირადი საუბარი აჯობებდა?
-ეტყობა, ამ ყველაფრის უკან დიდი ჩანაფიქრია. მე საკუთარ თავზე არ ვლაპარაკობ და ეს თემა ფეხებზე მკიდია, ვისც არ ვუნდივარ, არც მე მჭირდებიან. მაშინ, როცა საქართველოს 80% ბუჩქებში იყო შემძვრალი, როცა ჟურნალისტები ეკითხებოდნენ, მიხეილ სააკაშვილის ერთი ნაკლი გვითხარითო და პასუხს ვერ სცემდნენ, ახლა ყველამ ენა ამოიდგა. უსინდისობაა, იმ სპორტსმენების, მსახიობების განაწყენება, ვინც თავისი სისხლით და ოფლით მოიტანა ეს ქვეყანა. სოსო ჯაჭვლიანი ცხოვრებაში არასდროს ყოფილა მსახიობი, პარლამენტში მახვევიან 90% მსახიობები, თან უნიჭორები არიან და თან საქართველოშიც პოლიტიკოსებად არავინ სცნობს. ხომ შეიძლება, ეს ხალხი მეგობრულად, ადამიანურად არ გააღიზიანო და კოალიცია თუ ფრაქცია ჩვეულებრივად შეიკრიბოს. იმ შეკრებაზე თქვან, აბა, სახლებში წავედითო და ყველა წავა, ვინმეს კალთებს არ ჩამოახევენ. არ მესმის, რატომ აკეთებენ ამას. ბიძინა ივანიშვილი არის ერთმნიშვნელოვანი ლიდერი და უნდათ, რომ მას აჩვენონ, თურმე, ხელს აი, ვინ უშლიდნენ. ე.ი. რა, ჩვენ ვუშლით მსახიობები და სპორტსმენები ხელს?! და თუ ჩვენ ვუშლით ხელს, პირადად ჩემს თავზე ვიტყვი, ასი წელი არავისთან არ მივალ და არ შევეტენები. დროს არ დავასახელებ, მაგრამ ამ შეხვედრას ყველა ესწრებოდა, ფრაქციის წევრებს შორის კამათი მოხდა და ბიძინა ივანიშვილს ვუთხარი, მე რომ თაფლად ვიქცე, ამათ ჩემთვის ვერდიქტი მაინც გამოტანილი აქვთ მეთქი და იცით, რა მიპასუხა? შენ ხომ არ გავიწყდება, რომ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ხარო. მე ვუპასუხე, - მე კი არ მეშლება, ამათ ავიწყდებათ, რომ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ვარ-მეთქი. აქედან გამომდინარე, ერთადერთი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი, ვისთანაც საუბარი მიადვილდება. ფრაქციაში ყველანაირი დონის კამათი მოსულა, მაგრამ როცა შენი გუნდი გეტყვის, არ გვჭირდებიო, მეტი საქმე არა მაქვს, ვინმეს დავაძალო. მანამდე უფრო კარგი სახელი მქონდა, ვიდრე პარლამენტში შემოვიდოდი.
-თქვენ მართლა გჯერათ, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მხარდაჭერა იმის ნახევარიც აღარ გააჩნია, როგორიც 2012 წელში ჰქონდა და ამის მთავარი მიზეზი თავად სახელისუფლებო კოალიციაშია?
-რაც ამ ხნის განმავლობაში ხდება, ის რომ არ აღდგა სამართლიანობა, არის უკიდურესი ეკონომიკური სიდუხჭირე, ადამიანები სამსახურს ვერ შოულობენ, ამ ყველაფერზე ხალხი გაგიჟდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის” გამოკითხვაში კარგად წერია, რომელ მაჟორიტარს რა პოზიცია უკავია. ნახონ, იქნებ, რამე გაიგონ, საერთოდ რაზე ლაპარაკობენ, რა პროფესიონალიზმის ნიშნით უდგებიან ესენი, ეკონომისტებმა და იურისტებმა ხომ ააშენეს ქვეყანა. პარლამენტი წარმომადგენლობითი ორგანოა და 2004 წელს ზვიადაური რომ ჩემპიონი გახდა, მთელი საქართველო ხომ ტიროდა? მარტო მისი ავტორიტეტი გადაწონის მთელ პარლამენტს, იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა ასახელა და მსოფლიო ასპარეზზე გაიყვანა. როგორც ჩანს, ვიღაცეებს უნდათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთგული და პატიოსანი ჩამოაშორონ. 2012 წელში, როდესაც „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში მოვიდა, როგორც ჩანს, ამ შავბნელ ძალებს ჩანაფიქრი ჰქონდათ. ხომ შეიძლება, ეს ხალხი მეგობრულად, ადამიანურად არ გააღიზიანო და კოალიცია თუ ფრაქცია ჩვეულებრივად შეიკრიბოს. თქვან, სახლებში წავიდეთო და ყველა წავა. ადამიანი ცხენს ვერ მოერია და ბრძოლა უნაგირს დაუწყო, ასეა ამათი საქმე. არავისთვის კალთები არ შემომიხევია, გინდა თუ არა, პარლამენტში ვიყო-მეთქი, მე დამიძახეს და მივედი. ყველა მსახიობსა და რეჟისორს, ვინც პარლამენტშია, თავისი ისტორია აქვს, ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც სიმართლეს ლაპარაკობდნენ და საკუთარი საქმის ერთგულები იყვნენ.
- ბიძინა ივანიშვილსადმი მიმართვაში აღნიშნავთ, რომ საქართველოში ყველაფერის სწავლა შეიძლება, მაგრამ სამ რაღაცას ვერ ისწავლი და ვერც „ოქსფორდი“ და ვერც „კემბრიჯი“ვერ შველის, რადგან ერთგულებას, პატიოსნებას და სამშობლოს სიყვარულს არანაირი განათლება არ სჭირდება. როგორ ფიქრობთ, საქართველოს მოსახელობის ძირითადი ნაწილი ამ კატეგორიებს მოკლებულია და ამიტომ არის ქვეყანაში საქმე ცუდად?
-სოციოლოგებმა და დიდმა პროფესიონალებმა საქართველო მიწასთან გაასწორეს. პარლამენტში ჩვენ რომ არ ვიყავით, მანამდე კეთილდღეობა იყო და ყველაფერი კარგად მიდიოდა? თუკი აქტივობაზე, პროფესიონალიზმზე, ცნობადობასა და ავტორიტეტზეა ლაპარაკი, მაშინ, ჩვენს საქართველოს პოლიტიკური კუთხით, დედამიწის ზურგზე არავინ იცნობს. ყოველთვის, საქართველოს იცნობდნენ დიდი ხელოვანებით, დიდი მეცნიერებითა და დიდი სპორტით. საქართველოს ამათი სახით იცნობენ და ეს ადამიანები ნებისმიერ უცხოელს, მსოფლიოში ნებისმიერ ადამიანს ფეხზე წამოაყენებენ. ნახეთ, პროცენტულად, საქართველოს პარლამენტში ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენელი რამდენი ადამიანია და სხვაგან რამდენია. საქართველოში ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია. ე.ი. ვიღაცას ამათი ავტორიტეტი გულზე ხვდება.
- თქვენ კონკრეტიკას თავს არიდებთ, თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ კოალიციის საარჩევნო სიების შედგენა დამოკიდებულია ბევრ საკითხზე, სადაც საკუთარი პრინციპული მოსაზრებები აქვთ „რესპუბლიკელებს“. არადა, სპორტსმენ-ხელოვანების მისამართით უარყოფითი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გაახმოვანა. ფიქრობთ, რომ გარკვეული შეთანხმებები კოალიციაში უკვე არსებობს და თქვენ საზოგადოებასთან ერთად მედიიდან შეიტყეთ?
- საკითხი სხვანაირად დავსვათ. ვთქვათ, რომ ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რომ სპორტსმენები და მსახიობები აღარ უნდა მოხვდნენ საარჩევნო სიაში, მაგრამ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ამას მედიის საშუალებით რატომ ახმოვანებს თუ არ გინდა, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ” რეიტინგი საბოლოოდ დაკარგოს?
-ბიძინა ივანიშვილმა წლის შემაჯამებელ ინტერვიუში თითქმის იგივე განაცხადა, თუმცა, თქვენი გაცხარება ამას არ გამოუწვევია. თქვენი აზრით, სინამდვილეში პარლამენტის „შემოქმედებითი გუნდისგან გაწმენდა“ ვიწრო პარტიულ ინტერესს ხომ არ სცდება?
-ეს კითხვა ირაკლი კობახიძეს უნდა დაუსვათ, ისინი ჩვენი კოალიციის წევრები არიან. ხალხი, ვისზეც იგი ლაპარაკობს, პარლამენტში 4-5%- ს თუ შეადგენენ. ჩვენ ხომ მივდივართ ევროპისაკენ, იქ ვნახოთ რამდენი პროცენტია და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ. გარწმუნებთ, 10%-ზე ნაკლები თითქმის არსად არ არის, თუმცა, ამაზე არავინ არ საუბრობს ისეთი ფორმით, როგორც ჩვენთან. თუ ეს ხალხი დამნაშავეები არიან სამშობლოს წინაშე, მაშინ დავსაჯოთ. ჩვენ ხომ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი და ასეთი ტიპის განცხადებები რას ნიშნავს, თუ არა პროფესიის დისკრიმინაცია. მე მაინტერესებს, ამ რეჟისორებმა, მსახიობებმა, ან სპორტსმენებმა პარლამენტში რომელიმე კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, თუ რა დაშავეს, ან საერთოდ ვის ინტერესებში შედის წინასწარ საუბარი იმაზე, ვინ უნდა იყოს პარლამენტში და ვინ არ უნდა იყოს. გუნდი ადამიანის ერთგული უნდა დარჩე, მაგრამ ასეთი რამ გაგიგია, რომ მთელი გუნდი მუშაობდეს, როგორ გადაგკიდონ შენი თანამებრძოლები. ჩემი შტაბის უფროსიდან დაწყებული, რომელიც გლდანის მაჟორიტარულ არჩევნებზე მყავდა, ჩემი დედ-მამიშვილებით დამთავრებული, არავისთვის მითხოვია მათი დასაქმება, 9 წელი უმუშევრები იყვნენ და ახლაც ასე არიან. ჩემი თანამებრძოლებიდან, ვინც ატესტაციები გაიარა, სამსახურებში ვერ მოხვდნენ. ეს ის ადამიანები არიან, ვინც თავი გაწირეს „ქართული ოცნების“ გამო. 2012 წელს, როდესაც წინასაარჩევნო პროგრამა იწერებოდა, სპორტსმენებმა დაწერეს? ახლა ისე უნდათ, რომ შეუსრულებელი დანაპირების გამო ჯოხი ჩვენზე გადატეხონ. რატომღაც მგონია, რომ ეს გეგმა თავიდანვე ჰქონდათ, მშვენივრად მახსოვს, „ბუსუსებიანი პრეზერვატივების შესახებ“ კანონპროექტზე საუბარი რომ დაიწყეს, მთელი საქართველო იცინოდა. სხვათა შორის, როცა მიდის კანონპროექტების განხილვა, ჩვენ ყველა ბოლომდე ვართ ჩართული სამუშაო პროცესში და თუ ვინმეს უნდა, რომ თავისი უნიათობა სხვას გადააბრალოს, ეს სულ სხვა ამბავია.
„პრაიმნიუსჯორჯია“, ხათუნა ხატიაშვილი
პოლიტიკა
- კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს, ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა - გიორგი ვაშაძე კალაძეს
- არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად - "ოპოზიციის ალიანსის" 8 პარტია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე
- პარტიების აკრძალვის მოთხოვნით წამოიწყეს სახიფათო თამაში, თავადვე არიან აბლანდულები და თავგზა აუბნიეს ივანიშვილსაც, არ იციან, როგორ უნდა გაგრძელდეს და როგორ დასრულდეს ეს პროცესი - გიორგი სიორიძე
- პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
- დღეს აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზეს, უნიკალურობას, დედაენის დღეს ვულოცავთ ქართველ მეგობრებს - აშშ-ის საელჩო
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
სამართალი
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
- ცხედარი თბილისთან ახლოს, ტყის მასივში დატოვეს და დედაქალაქიდან გაემგზავრნენ - შსს-მ 2 პირი დააკავა
- მარნეულში მკვლელობა მოხდა
- მალე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვასაც დამაბრალებენ - ალეკო ელისაშვილი ახალ ბრალდებაზე
მსოფლიო
- „დრუჟბას“ ნავთობსადენი უახლოეს დღეებში ამოქმედდება, რაც ევროკავშირს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის განბლოკვის საშუალებას მისცემს - მარტა კოსი
- მოვითხოვთ, ირანული გემის, მისი მეზღვაურების, ეკიპაჟისა და მათი ოჯახების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ნებისმიერ შემდგომ ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება - ირანის საგარეო უწყება
- აშშ-ის დელეგაცია, ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით, ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩადის - BBC
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
- Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
- Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















