სოსო ცისკარიშვილი: დარწმუნებული ვარ, მომავალი არჩვენების შედეგად, ნუმერაცია 1-2-3 აღარ იქნება

საქართველო, თბილისი - 13:49 | 12.01.2016
ნანახია: 3765

 ქვეყნის შიდა პოლიტიკის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე „პრაიმნიუსჯორჯია“ პოლიტიკურ დაეკონომიკური საკითხების ექსპერტს, სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა:

-გასულ კვირაში ახალი წლის ყველაზე ხმაურიანი საკადრო ცვლილება დავით ზალკანიანის საგარეო მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნის გადაწყვეტილება იყო. იმის გათვალსწინებით, რა მოტივითაც მან აღნიშნული პოსტი შარშან დატოვა, ახალმა გადაწყვეტილებამ არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება შექმნა საზოგადოებაში. თქვენი აზრით, რამდენად განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ხელისუფლების ვერტიკალში მიმდინარე პროცესები და ამ კუთხით რას უნდა ველოდეთ ახლო მომავალში?

-2016 წელში საქართველომ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობით შეაბიჯა, რაც მას 2015 წელმა არგუნა. ჯერ კიდევ რეალობაა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არსებობს დე ფაქტო და დე იურე ხელისუფლება. დე იურე ხელისუფლებას წარმოადგენს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე შესაბამისი სტრუქტურების მართვით, ხოლო დე ფაქტო ერთი რიგითი მოქალაქის ძალაუფლების მოწმენი ვართ, რომელიც ამას უარყოფს, მაგრამ არ მალავს საკუთარ განწყობებს და ახალ პრემიერ-მინისტრსაც უკვე მუქარის ტონით ესაუბრება. თურმე, ახალი პრემიერ-მინისტრი ვერ „გააპრავებს“ პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის მუშაობას, რომ გიორგი კვირიკაშვილი იძულებული იქნება მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები მოახდინოს და ა.შ. როდესაც ახალი და ბევრად უფრო სანდო პრემიერ-მინისტრი გვყავს, ვიდრე მისი ორი წინამორბედი იყო, რასაკვირველია, ასეთი არცთუ ირიბი დარტყმები დე ფაქტო მმართველის მხრიდან, აჩენს აზრს, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს მეტი მხარდაჭერა მართლა სჭირდება. მუქარა, რომელიც მის მიმართ ჯერჯერობით ნაზი ხმით გაისმის, შესაძლოა, კიდევ ერთი მზაკვრული თავდასხმის წინაპირობა აღმოჩნდეს, რასაც პრემიერისა და მინისტრების უთავბოლო ცვლა ჰქვია.

-ამ კონტექსტში განიხილავთ დავით ზალკანიანის დანიშვნას, რომელმაც თავის დროზე აღნიშნული თანამდებობა „თავისუფალი დემოკრატების“ გუნდთან ერთად სწორედ ბიძინა ივანიშვილთან პიროვნული დაპირისპირების გამო დატოვა და ფიქრობთ, რომ ამჟამინდელი გადაწყვეტილება ისევ მასთან შეთანხმებით იქნა მიღებული?

-არა, თუმცა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა დავით ზალკანიანის დანიშვნის შესახებ ჩემთან განსხვავებით, რამდენიმე დღით ადრე იცოდა.მივესალმები ტენდენციას, რომ თანამდებობებზე ადამიანები საკუთარი პროფესიული ხარისხით, განვლილი გზის წარმატების გათვალისწინებით დაინიშნონ და არა რომელიმე პოლიტიკური გუნდის მიმართ სიმპატია-ანტიპატიიდან გამომდინარე. არ ვართ ქართველობა იმდენი, რომ ყველა პარტიას მთავრობის მხოლოდ წარმატებული გუნდით დაკომპლექტების საშუალება ჰქონდეს. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ საქართველოში 230 პოლიტიკური პარტია არის რეგისტრირებული, რაც მხოლოდ ღიმილის მომგვრელი შეიძლება იყოს ჩვენი კეთილმოსურნე ქვეყნების ლიდერებისათვის. ვფიქრობ, შესაძლოა, ეს უფრო გამოუვალი მდგომარეობის რეალური აღქმის გამოვლინება იყო ხელისუფლების მხრიდან. საკუთარი დიპლომატიური ხედვა-გამოცდილებიდან გამომდინარე, ზალკანიანი ვერ იქნებოდა მიუღებელი თუნდაც იმ ერთი „განსაკუთრებული მოქალაქისთვის“, რომელიც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე სადავეებს დღესაც ფლობს.

-მინისტრების დონეზე ცვლილებების მოლოდინთან დაკავშირებით პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება მთავრობის ქმედითუნარიანობაზე იქნება ორიენტირებული, რაც საპარლამენტო არჩევნებისთვის ხელისუფლების მომზადებას გულისხმობს. თქვენი აზრით, ხელისუფლება საზოგადოების გაცრულებული იმედების დაბრუნებას ცდილობს თუ მისი ჩანაფიქრი უფრო გრძელვადიანი შეიძლება იყოს?

-ქვეყნის „კადრებთუხუცესის“ მიერ ერთხელ უკვე გაჟღერებული ფრაზა, რომ პრემიერ-მინისტრი იძულებული იქნება ცვლილებები განახორციელოს და ამის გარეშე ის საქმიანობას ვერ შეძლებს, აღიქმება როგორც პრიმიტიული ზეწოლა ადამიანზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრად მუშაობის ორი კვირის სტაჟიც არ გააჩნია. თანაც „კადრებთუხუცესის“ ფრაზები ტირაჟირდება საპარლამენტო უმრავლეოსობის ზოგიერთი წარმომადგენლის საშუალებით და ეს სხვა არაფერია, თუ არა ზეწოლა პრემიერ-მინისტრზე.

-ანუ სამთავრობო ცვლილბები ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა და არა რეალური აუცილებლობა?

-როდესაც „კადრებთუხუცესი“ და პარლამენტის წამყვანი ფიგურები ერთსა და იმავე ფრაზეოლოგიას იყენებენ, იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს საკუთარი სავარძლების შესანარჩუნებლად 2016 წლის ოქტომბრისთვის. თავისთავად, ცალკე აღებული რომელი პარლამენტარის საქმეა პრემიერ-მინისტრი მთავრობაში ვის გაათავისუფლებს და ვის წარაგდენს?

-კულუარებში არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უმრავლესობის წევრებმა უკვე იციან, ვინ ვეღარ მოხვდება „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო სიებში. ამასთან, მათ ნაწილს მომავალი სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობეზე აქვთ გარანტირებული. თქვენ რატომ ფიქრობთ, რომ ამ კატეგორიის პარლამენტარებს პარლამენტში საკუთარი ადგილის შენარჩუნების ინტერესი ამოძრავებთ?

-ნათქვამია, შეჩვეული ჭირი სჯობს, შეუჩვეველ ლხინსო. ქვეცნობიერად უმრავლესობის დიდი უმრავლესობა მოტივირებულია, რომ გააგრძელოს მომავალი ოთხწლედი იმ რეჟიმში, რომელიც 2016 წლის ოქტომბრისთვის ამოეწურებათ. არსებობს ტერმინოლოგიის ტრაფარეტები, რომლის გამეორების სიხშირითაც აღიქმევა ამა თუ იმ დეპუტატის ერთგულება ჩვენი „კადრებთუხუცესის“ მიმართ. მართალი გითხრათ, ძალიან მძიმე მოსასმენია რა განცადებებსაც „გვჩუქნიან“ ისეთი დეპუტატები, რომლებიც ოპოზიციაში ყოფნის დროს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წარმმართველნი იყვნენ. როგორც ჩანს, ისინი დღეს საკუთარ მომავალზე ფიქრობენ და დაზეპირებული აქვთ ისეთი გამონათქვამები, რომელიც ერთი და იგივე წყაროდან მოდის.

-იქნებ დააკონკრეტოთ, უმრავლესობის რომელ წევრებს გულისხმობთ?

-დააკვიდით, სატელევიზიო ეკრანზე ვინ არის ხშირი მოსაუბრე თავისი განმაქიქებელი ფრაზეოლოგიით საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. სწორედ პრეზიდენტის მიჭირხვნის თემა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა, რომ პარლამენტარებმა საკუთარი თანამდებობები შეინარჩუნონ. სამწუხაროდ გამაოგენებელია იმის თქმა, თუ ვინ არის ლევან მურუსიძე. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მზად იყვნენ საკუთარი ხელით მიეხრჩოთ ეს არაკაცი, ახლა ტერმინებს ეძებენ, რომ არც მწვადი დაწვან და არც შამფური. „კადრებთუხუცესი“ არავის გაუკრიტიკებია იმისთვის, რაც მან ასე უტიფრად ქართველ საზოგადაოებას შეაპარა.

-უკვე არაერთხელ ითქვა, რომ ლევან მურუსიძის სააპელაციაო სასამართლოში არჩევის მთავარი მიზანი სწორედ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაა, რასაც მხარს უჭერენ ის პოლიტიკოსები, რომლებსაც თქვენ გულისხმობთ. ფიქრობთ, რომ თუნდაც ოპოზიციის, ან თავად სასამართლოს ძალისხმევით, შესაძლებელია, აღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვალოს?

-მზაკვრული ჩანაფიქრი ზედაპირზეა ამოტივტივებული, მაგრამ ჩვენი თვითმარქვია გამოუცდელი პოლიტიკოსები, რა გავლენაც არ უნდა ჰქონდეთ ხელისუფლებაზე, შედეგით კმაყოფილი მაინც ვერ იქნებიან, რადგან ლევან მურუსიძე ის ბიჭი არ არის, ვინმეს სიკეთე დაუფასოს. ლევან მურუსიძის მართვა მხოლოდ ზეწოლით და შანტაჟით არის შესაძლებელი. ამის უამრავი რესურსი კი, სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია არა მხოლოდ რაიმე ხელმოწერილი დოკუმენტების გამომჟღავნებით, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი ვიდეო-რგოლიც არსებობს, რაც ადატსურებს, თუ რა ტიპის ზეწოლა ხორციელდებოდა სასამართლო სისტემაზე. თუმცა, არჩევნების შედეგების გაყალებება, რომელიც უნდა განიხილოს სააპელაციო სასამართლომ და კანონის მიხედვით, უზენაესი სასამართლო აღარ ერევა შემდგომ ეტაპზე, არის იმის მიმანიშნებელი, რომ ძირათადი ზეწოლის სუბიექტი არის „ნაციონალური მოძრაობა.“ მგონი, უმეცრებით გამოწვეული ოცნებაა, რომ სააპელაციო სასამართლო „ქართული ოცნების“ ინეტერესებით იქნება მოტივირებული. თითოეულ მოსამართლეს უპირველესად საკუთარი თავი აქვს გადასარჩენი იმ საცეცებისგან, რომელსაც მუდმივად გრძნობენ „ნაციონალური მოძრაობისგან“.

-თუკი „ნაციონალურ მოძრაობას“ სასამართლოზე ასეთი გავლენა აქვს, გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ ძირითადი ოპოზიციური მეტოქე „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, რაც მესამე პოლიტიკური ცენტრის იდეას გამორიცხავს. როგორ შეიძლება აღნიშნული ფაქტორი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე აისახოს?

-ყოველშემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ამის შესახებ ხმამაღლა ღაღადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი საკუთარი არსებობის პირობებში პირველად დადუმდა და ამ თემაზე კრინტი არავის დაუძრავს. ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ფარული ღიმილით ელოდებიან ოქტომბრის დადგომას.

-რა შეიძლება მოხდეს ქართულ პოლიტიკაში, თუკი მოხდება მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნა, რომლის შესახებაც აქტიურად საუბრობენ. შეიძლება თუ არა, ამას მოჰყვეს იმ პოლიტიკური სურათის შეცვლა, რასაც თქვენ გულისხმობდით?

-ყველაზე მძიმე ვითარებაში პოლიტკური სუბიექტი გამოჩნდება მაშინ, თუ ის დაინომრება როგორც „მესამე ძალა,“ დანარჩენი 230 პოლიტიკური სუბიექტი კი, იქნება ამ „მესამე ძალის“ მიჭირხვნის სურვილით ავსებული, რადგან ამ „მესამობაზე“ პრეტენზიას ბევრი პოლიტიკური პარტია აცხადებს. დარწმუნებული ვარ, მომავალი არჩვენების შედეგად, ნუმერაცია 1-2-3 აღარ იქნება, რადგან ცალკე აღებული პოლიტიკური სუბიექტი უმრავლესობის ჩამოსაყალიბებელი ხმების რაოდენობით დაჯილდოებული აღარ იქნება. თუ არა რაიმე გონივრული კოალიციები, ჩვენ მივიღებთ მრავალპარტიულ, მაგრამ მუდმივად ვერაფერზე შეთანხმებულ პარლამენტს. რა თქმა უნდა, კოალიციის შექმნა ადვილია, მაგრამ თავად საერთო აზრის ჩამოყალიბება და ერთმანეთისადმი მუდმივი ეჭვი იქნება ის დაავადება, რაც ახალი კონფიგურაციის პარლამენტს მთელი 4 წლის განმავლობაში გაჰყვება. დროა, თითოეული პოლიტკური ძალის ლიდერებმა როგორმე სძლიონ ერთმანეთის უნდობლობა-მიუღებლობას და ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების ძირითად მიზნებზე იფიქრონ. სტრატეგიული მიზნების ირგვლივ უნდა ერთიანდებოდნენ ძალები, რომლებსაც წარმატების პერსპექტივა მხოლოდ მაშინ იქნებათ, თუკი ცალ-ცალკე არ იქნებიან.

-ასეთ ვითარებაში რა არის დამოკიდებული საქართველოს პრეზიდენტზე, აქვს თუ არა მას ბერკეტი, რითაც შეუძლია პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინოს?

-ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც ჩვენს პრეზიდენტს გააჩნია, მისი გონი, ცოდნა, ნიჭი გახლავთ და არა რაიმე კონსტიტუციური ეფექტები. დრო გადის, ჩვენ მოწმენი ვართ, რომ გიორგი მარგველაშვილს არანაირი მცდელობა მის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფისა არ გააჩნია. ასეთი ქცევა, როგორც თავდაცვის ინსტრუმენტი, ქვეყანაში სიმშვიდეს იძენს და მის მიმართ დამოკიდებულება ჩვენს დასავლელ პარტნიორებში ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით, არის მზარდი. პრეზიდენტს ერთი აუგი არ დასცდენია და დღესაც „კადრებთუხუცესის“ მადლიერია, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის საკუთრება უნდა გახდეს. ჩვენი პრეზიდენტი არავის პრივატიზაციას არ ექვემდებარება. ასეთი ფაქტები მრავლად გვაქვს მთავრობასა და პარლამენტში,- ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური პრივატიზაცია პრაქტიკულად სახეზეა მთავრობასა და პარლამენტში. პრივატიზაციაში ჯდება არა მხოლოდ ცალკეული პირი, არამედ თანამდებობებიც. გამოცდილების, პროფესონალიზმის, წარმატებული პრაქტიკული წარსულის ნაცვლად, კვლავ ვხედავთ, რომ თანასოფლელობა, ნათესაობა, ადრინდელი თანამშრომლობა არის ის კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელია საშუალო და დაბალი თანამდებობების მოსაპოვებლადაც კი. ვიყოთ ობიექტური და ვთქვათ, რომ მთავრობის შემადგენლობაშიც არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან კარი გაიჯახუნონ, თუკი ვინმე მათ პრივატიზაციას შეეცდება. ალბათ, ასეთი პიროვნებები ეგულებათ შესაცვლელად, ვინც ასუბრობს იმაზე, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს მთავრობის შეცვლის აუცილებლობა ექნება.

„პრაიმნიუსჯორჯია”, ხათუნა ხატიაშვილი

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე