ვენდობი ბატონ ირაკლი შოთაძეს - თეონა თამაზაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:33 | 14.08.2020
ნანახია: 993

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ენდობა. მისივე თქმით, ეს შეხვედრით კმაყოფილია.

"კარგი შეხვედრა იყო. კმაყოფილი ვარ. ვენდობი ბატონ ირაკლი შოთაძეს. ყველაფერზე გექნება პასუხიო. მეტნაკლებად უკვე ჩართულია ფედერალური ბიურო", - განაცხადა თამაზაშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე