გიორგი შაქარაშვილს სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული აქვს დაზიანებები - ექსპერტიზა

საქართველო, თბილისი - 17:16 | 10.07.2020
ნანახია: 622

გიორგი შაქარაშვილს სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული აქვს დაზიანებები. ამის შესახებ ნათქვამია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა.

"გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს", - ნათქვამია დასკვნაში.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

გიორგი შაქარაშვილის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობად გადაკვალიფიცირდა.

"სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით", - აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე