თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ხუთივე პირს აღკვეთის სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

საქართველო, თბილისი - 18:18 | 05.07.2020
ნანახია: 553

თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულები სპორტსმენები არიან. ერთ-ერთი მათგანი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონია.

მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. თავად დაკავებულების ოჯახის წევრები კი მოქალაქის გატაცების ფაქტს უარყოფენ.
ხუთი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაკავებულებს ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე